განცხადებები

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეპრესიები გრძელდება

მიმდინარე წლის 14 მარტს კულტურის მინისტრის ბრძანებით, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის - გაგა ჩხეიძის, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, კვლავ გრძელდება რეპრესიების ტალღა კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (კინოცენტრში). კინოცენტრის ახალმა დირექტორმა, ცვლილება შეიტანა ბრძანებაში, რომლითაც სრულად შეიცავალა საექსპერტო კომისიის შემადგენლობა, რომელსაც  კონემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის - პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების - გამარჯვებულები უნდა გამოევლინა. საექსპერტო კომისიის შემადგენლონლობა კინოცენტრის ყოფილი დირექტორის ბრძანების საფუძველზე, პროფესიული ნიშნით იყო შერჩეული და მის შემადგენლობაში დიდი გამოცდილებისა და ნდობის მქონე ექსპერტები იყვნენ. კომისიის წევრებთან გაფორმდა  ხელშეკრულება. საექპერტო კომისიი წევრებს უნდა შეეფასებინათ კონკურსში განაცხადის სახით შესული 15 პროექტი.

 

საექსპერტო კომისია ვალდებული იყო დაემუშავებინა 15 სცენარი რაც მოიცავდა მათ  წაკითხვას,  ბიუჯეტის ანალიზს, ავტორების წინა ნამუშევრებისა და კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციის გაცნობას, შეფასებას და სხვა. კომისიამ თებერვლი-მარტის თვეებში დეტალურად შეისწავლა საკონკურსო დოკუმენტაცია და განსაზღვრა გასაუბრების თარიღები, რომლის შემდგომი ეტაპი იყო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა.

 

2022 წლის 14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კინოცენტრის დირექტორი. ამის შემდეგ, კომისიის წევრებს ელექტრონული ფოსტით ეცნობათ, გასაუბრების გადავადების შესახებ.

 

27 მარტს კინოცენტრის ფეისბუქ გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ  "პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსში" გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდებოდა 29 აპრილს. ვინაიდან, ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ არ შემდგარა საექსპერტო კომისიასთან კომუნიკაცია, კომისიამ წერილობით მიმართა ახალ დირექტორს, კარლო სიხარულიძეს, დაენიშნა გასაუბრების თარიღი. ამ მიმართვის პასუხად, 2022 წლის 15 აპრილს საექსპერტო კომისიის წევრებმა მიიღეს შეტყობინება, რომ მათი დანიშვნის ბრძანებაში შევიდა ცვლილება და სრულად განახლდა კომისიის შემადგენლობა. დღემდე კომისიის წევრებს არ მიუღიათ დასაბუთება, ან რაიმე ტიპის განმარტება, მათი დათხოვნის მიზეზებისა და საფუძვლის შესახებ. 

 

19 აპრილს  ახალმა კომისიამ დაიწყო კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი ისე, რომ  არც ძველი კომისიის შეცვლისა და არც ახალი კომისიის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ იყო განთავსებული კინოცენტრის ვებ გვერდზე. 

 

საექსპერტო კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება  ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტებს, უფრო მეტიც მსგავსი ფორმით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა პატივისა და ღირსების შემლახავია. საექსპერტო კომისიის წევრები სამართლებრივ მექანიზმებს გამოიყენებენ და სასამართლოს მიმართავენ დარღვეული უფლებების აღსადგენად. მათ ინტერესებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) დაიცავს.

 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროში განხორციელებული რეორგანიზაციისა და მასშტაბური ცვლილებების შედეგად, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო, სამინისტროს მმართველობაში შემავალი ორგანიზაციებიდან, 70-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული. მათი ნაწილის ინტერესებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) იცავს.