განცხადებები

კოალიცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართავს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოგმართავთ სამუშაო შეხვედრის მოწყობის თხოვნით. შეხვედრის მიზანი იქნება ევროკომისიის რეკომენდაციების სასამართლოს ნაწილის შესრულების გეგმის განხილვა, კერძოდ, რეფორმის განხორციელების ვადების, საკითხებისა და ზოგადად რეფორმის მასშტაბების შესახებ მსჯელობა. ასევე კოალიცია წარმოგიდგენთ სასამართლო რეფორმის შესახებ საკუთარ ხედვებს. 

კოალიცია, რომელიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, წლებია სიღრმისეულად სწავლობს სასამართლო სისტემის მდგომარეობას საქართველოში, მომზადებული აქვს არაერთი პუბლიკაცია და მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამუშაო შეხვედრასა თუ საკომიტეტო განხილვაში.  არსებული გამოწვევების და პრობლემის მოგვარების მიზნით, კოალიციას შემუშავებული აქვს საკუთარი ხედვა და რეფორმის სტრატეგიაზე შეჯერების მიზნით, გვსურს მისი იურიდიული კომიტეტის წევრებისთვის გაზიარება. მიგვაჩნია, რომ კოალიციის გამოცდილება ხელს შეუწყობს სასამართლოს რეფორმის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევას. ამ მიზნით, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება საქართველოს პარლამენტის და კოალიციის თანამშრომლობა.

ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენს. კომისიის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად კანონმდებლობაში შეტანილი არაერთი ცვლილებისა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერაც შესასრულებელია.  ევროკომისიის ანგარიშში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ რეკომენდაციების შესრულება მაღალი ჩართულობით უნდა წარიმართოს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებები ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს.

გასულ წლებში სასამართლო რეფორმებზე იურიდიული კომიტეტის აქტიური როლის გათვალისწინებით, კოალიცია იმედოვნებს, რომ კომიტეტი ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობას და მათი მოსაზრებების სათანადოდ განხილვას.

კოალიცია გამოხატავს მზაობას, სრულად ჩაერთოს სამუშაო პროცესში და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს პარლამენტს ევროკომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრულ აღსრულებაში.