განცხადებები

კულტურის სფეროში მასშტაბური საკადრო წმენდა გრძელდება

2021 წლის მარტიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებში დაწყებული მასშტაბური საკადრო წმენდა გრძელდება. ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა. 2022 წლის 1 ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის მორიგი ტალღა დასრულდა. რეორგანიზაციის შედეგად 25-მდე პირი გახდა შრომითი უფლებების უხეში დარღვევის, მტრული სამუშაო გარემოსა და მათი უგულებელყოფის მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციები საჭიროებების შესწავლის, მიზნისა და მისი მიღწევის მკაფიო გზების გააზრების გარეშე ტარდება, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ დაექვემდებარა რეორგანიზაციას. თანამშრომლების ნაწილი 2022 წლის დასაწყისში გათავისუფლდა, ხოლო ნაწილმა, ამავე წლის ოქტომბერში, მეორედ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად დაკარგა სამსახური.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაცია არსებითად ჰგავდა 2022 წლის იანვარში განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესს და, ფაქტობრივად, მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა.  სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 7 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა საკონკურსო კომისია, რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომლების კომპეტენციის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომისიის შემადგენლობაში უმეტესად იურისტები და ადმინისტრაციული თანამდებობის პირები იყვნენ, რომელთაც არ ჰქონდათ თანამშრომელთა საქმიანობის შინაარსობრივად შესაფასებლად საჭირო პროფესიული ცოდნა. ამავე ბრძანების მიხედვით, თანამშრომლების კომპეტენციის და უნარების შეფასების მიზნით, დადგინდა გასაუბრების ჩატარების ვალდებულება, თუმცა, ბრძანებით არ ყოფილა განსაზღვრული გასაუბრების ეტაპზე თანამშრომლების შეფასების კრიტერიუმები.

 

გათავისუფლებული პირების განცხადებით, გასაუბრების ეტაპი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, იყო ღირსების შემლახველი და მტრული. შესაბამისად, გასაუბრებისთვის შექმნილ კომისიას რეალურად არ შეუფასებია დასაქმებულების პროფესიული ცოდნა და გამოცდილება. ამის საპირისპიროდ, კომისიის წევრები ცდილობდნენ, გამოერკვიათ რამდენად ,,სანდო“ კადრები მუშაობდნენ სააგენტოში, ისინი არ ინტერესდებოდნენ თანამშრომელთა მრავალწლიანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილებით.

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სფეროს მმართველთა დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის შენახვა-მოვლის საკითხის მიმართ. გათავისუფლებული თანამშრომლების მთავარი წუხილი სწორედ სააგენტოდან პროფესიონალების გაშვება და უმნიშვნელოვანესი საქმის სათანადო ცოდნის არმქონეთა ხელში დატოვებაა, რაც ქართული კულტურის მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.  

 

„სამართლიანი არჩევნები” კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა უწყებიდან უკანონოდ გათავისუფლებული არაერთ პირის უწევს იურიდიულ დახმარებას. ორგანიზაცია გააგრძელებს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამართლებრივ მხარდაჭერასა და მათი ინტერესების დაცვას სასამართლოსა და ყველა რელევანტური ორგანოს წინაშე, რათა შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეთ საშუალება გააგრძელონ მუშაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად.

 

მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, შეწყვიტოს თანამშრომელთა უკანონოდ გათავისუფლება და სამინისტროს საკადრო პოლიტიკა მოაქციოს კანონისა და კარგი საჯარო მმართველობის ფარგლებში.