განცხადებები

მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს

2023 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ ბიუროს წარედგინა კანონპროექტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) დაკომპლექტების წესის ცვლილების შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ცესკოს თავმჯდომარისა და  პროფესიული წევრების კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. გარდა ამისა, წარდგენილი კანდიდატების თანამდებობაზე სრული ვადით (5 წლით) არჩევას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეძლებს, მაშინ როდესაც დღეს ამისთვის პარლამენტის ⅔-ის მხარდაჭერაა საჭირო. წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციის კონსენსუსის წესით არჩევა, ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც. ამასთანავე, ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს. 

უფრო კონკრეტულად, საკანონმდებლო ორგანოში ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომელთა თანახმადაც, მცირდება ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების სრული ვადით - 5 წლით, ასარჩევად დადგენილი კვორუმი. არსებული ⅔-ის უმრავლესობის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. 

აგრეთვე, იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შესარჩევად, პრეზიდენტის ნაცვლად,  საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. 9 წევრიან საკონკურსო კომისიაში გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 1 წარმომადგენლის ყოფნა. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მიიღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა წარდგენაზე უარის თქმისა და ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ. ამასთან, თუ პარლამენტის მიერ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, კენჭი ეყრება კონკურსში მონაწილე პირებიდან ამჯერად უკვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს წევრობის კანდიდატებს, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება. 

კანონის პროექტზე მომზადებულ განმარტებით ბარათში ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ცესკოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იყვნენ კანონმდებლობით განსაზღვრული სრული ვადით და აღარ გახდეს საჭირო ე.წ „ჩიხური მდგომარეობიდან“ გამოსავლის დამატებითი მექანიზმების გამოყენება. 

თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევას - ნდობის ნაკლებობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ აქამდე არსებულ ფუნდამენტურ შეთანხმებას, მმართველი პარტიის მიერ აღებულ ვალდებულებებსა და კომპეტენტური ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. 

ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების მაღალი კვორუმით, პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე არჩევა წარმოადგენდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად საკითხს. გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, დამოუკიდებლობის ნაკლებობის საკითხი ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ამ ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინება კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის წარდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთია. 

წარმოდგენილი კანონპროექტი აგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, აძლევს რა მას ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას. ამავდროულად, გამორიცხავს პრეზიდენტის რეალურ მონაწილეობას ცესკოს დაკომპლექტებაში და მას უტოვებს უმნიშვნელო როლს, რათა კონსტიტუცია ფორმალურად არ იქნეს დარღვეული.1 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

 


Საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 52.1.დ - https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36