„სამართლიანი არჩევნები“ მორიგ რეპრესიულ და ანტიდემოკრატიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს
2025 წლის 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებმა ახალი კანონპროექტი წარადგინეს, რომლითაც გათვალისწინებულია ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კანონპროექტის ინიციატორებმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს და პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო ცვლილებები. „სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ინიციირებული კანონპროექტი „ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადენს, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და, მისი მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში უფრო მეტად შეიზღუდება ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებები.
თუ აქამდე არსებული რედაქციით შეკრებებისა და მანიფესტაციების ჭრილში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იყო მაკონტროლებელი მექანიზმის მქონე ორგანო, წარმოდგენილი ცვლილებებით აღნიშნული უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში გადავა.
ასევე, აუცილებელი გახდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სავალ ნაწილზე იმართება. დღეს მოქმედი რედაქციით, წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება მხოლოდ ტრანსპორტის სავალ ნაწილს ეხებოდა.
გარდა ამისა, ცვლილებებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას, ჩატარების ადგილზე განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, მისცეს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რედაქციით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია, რომელსაც შესასრულებლად სავალდებულო სახე არ აქვს. ასევე, იცვლება შესასრულებლად სავალდებულო მითითების (დღეს მოქმედი რედაქციით რეკომენდაციის) საფუძვლებიც, კერძოდ, ჩამონათვალს დაემატება: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, მართლწესრიგისათვის, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის საფრთხის შექმნა.
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული მხოლოდ ტრანსპორტის სავალ ნაწილს ეხებოდა. ასევე, დაუშვებელი გახდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის, დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს ან/და მონაწილეებს ზეპირად მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ.
დამატებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში (აქამდე შეზღუდვა მხოლოდ ტრანსპორტის სავალ ნაწილს მიემართებოდა) გასცეს გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ თუ მასობრივად გადაკეტილი ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებული იქნას საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისათვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ თუ ეს მონაწილე ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა არ ჩაუდენია. შეკრების ან მანიფესტაციის ეს მონაწილე კანონდარღვევის ჩადენის მომენტიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება.
ცვლილებები, ასევე, შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლშიც, რომლიც ადგენს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე ვადით იმ შემთხვევაში თუ პირი არ შეასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებას ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვის, ადგილის, დროის და სვლაგეზის შეცვლის შესახებ.
წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად ცვლის შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების სამართლებრივ ჩარჩოს საქართველოში. კონტროლისა და ზედამხედველობის ძირითადი უფლებამოსილებების მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში გადაცემა არსებითად გააძლიერებს ცენტრალიზებულ აღმასრულებელ კონტროლს საჯარო შეკრებებზე და შექმნის მომძლავრებული და არაპროპორციული საპოლიციო ჩარევების რისკს.
დღეს მოქმედი „რეკომენდაციის“ ინსტიტუტის სავალდებულო მითითებით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად შეზღუდავს შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებისა და მონაწილეთა უფლებას. ამასთან, სავალდებულო მითითებების საფუძვლების გაფართოება ისეთი ტერმინებით, როგორიცაა მაგ. „საზოგადოებრივი უსაფრთხოება“ და „მართლწესრიგი“ იძლევა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის თვალსაზრისით პრობლემურ ასპექტებს შეიძლება შეიცავდეს.
ამასთანავე, ბუნდოვანია თუ პრაქტიკაში როგორ იქნება განმარტებული ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, შეიძლება იგი გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებშიც, სადაც აქციის მონაწილეები, ლოზუნგების ან ბანერების გამო, იკავებენ ტროტუარის დიდ ნაწილს. აღნიშნული კითხვის ნიშნებს აჩენს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და პროპორციულობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც ქმნის უფლებაში ჩარევის რისკებს. აღნიშნული რეგულაციები შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც შეკრების ეფექტიანობის შემცირებისკენ მიმართული მექანიზმი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც შეკრების შინაარსობრივი მიზანი სწორედ ხილვადობისა და საზოგადოებრივი ყურადღების მიქცევაა.
აღნიშნული ცვლილებები, მათი შინაარსისა და დაწესებული სანქციების სიმძიმის გათვალისწინებით, წარმოადგენს გადაჭარბებულ და არაპროპორციულ ჩარევას შეკრების თავისუფლებაში რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. ასევე, კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს ადამიანთა უფლებას მშვიდობიან, საჯარო შეკრებაზე და წარმოადგენს შეკრების თავისუფლების ძირითადი უფლების რეალიზების კონსტიტუციურ გარანტიას. თავის მხრივ, შეკრების თავისუფლების ეფექტიანი რეალიზება ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისა და სიცოცხლისუნარიანობისათვის, რამდენადაც ეს არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ.) გრძნობებისა და შეხედულებების საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს.1
საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდებული პრაქტიკის მიხედვით, სპონტანური შეკრების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საზოგადოების ნაწილის უფლებების დაცვა იმ ზიანისაგან, რომელიც შეიძლება მათ განიცადონ გარკვეული დროის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობის სრულად ან ნაწილობრივ შეფერხებით, ვერ გადაწონის შეკრების და მანიფესტაციის მრავალრიცხოვან მონაწილეთა უფლებას, ეფექტიანად ისარგებლონ კონსტიტუციით დაცული შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებით, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების არსებით წინაპირობას წარმოადგენს.2 ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრებების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა სხვათა გადაადგილებას შეუძლებელს ხდის, სადავო ნორმების თანახმად, უპირატესობა შეკრების თავისუფლების უფლებას ენიჭება, ვინაიდან სხვაგვარად შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება ხელმიუწვდომელი იქნებოდა მრავალრიცხოვანი შეკრების მონაწილეთათვის, რომლებიც სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, იძულებული იქნებიან საერთოდ უარი თქვან შეკრების უფლების რეალიზებაზე. შესაბამისად, შეკრების (მანიფესტაციის) უფლებას უპირატესობა უნდა მიენიჭოს, თუ მისი რეალიზება სხვათა უფლებების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, როდესაც გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს.3 განხილული გარემოებების გათვალისწინებით, ახალი რეგულაციები, რომლებიც ითვალისწინებს დამატებით და არაპროპორციულ შეზღუდვებს, ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს, შესაბამისად, იგი კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჭრილში მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოშობს.
ასეთი რეგულაციები ქმნის ძლიერ შემაკავებელ და მსუსხავ ეფექტს, რომლის მიზანიც არის მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის განზრახვის ჩახშობა. ეს ცვლილებები კლასიკურ მაგალითად გვევლინება იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება კანონმდებლობა სამოქალაქო აქტივობის შემზღუდავ და შემაკავებელ ინსტრუმენტად, ნაცვლად იმისა, რომ იგი ემსახურებოდეს ლეგიტიმური საჯარო წესრიგის დაბალანსებულ და პროპორციულ დაცვას. რაც თავის მხრივ ამცირებს მოქალაქეთა თვითორგანიზების შესაძლებლობას და აზიანებს სამოქალაქო პლურალიზმს.