განცხადებები

„სამართლიანი არჩევნები” საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების დასაცავად ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს

2025 წლის 17 დეკემბერს „ქართული ოცნების” პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო. ახალი კოდექსი რამდენიმე საკითხს არსებითად განსხვავებულად არეგულირებს, რომელთა შორის, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება წარმოადგენს. ამ უფლებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდნენ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე უპრეცედენტოდ ბევრი - ასი ათასამდე საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა.

თანამედროვე საზოგადოების გეოგრაფიული მობილობის გათვალისწინებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობისგან მოწყვეტა ინკლუზიური დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ხმის მიცემის ალტერნატიული საშუალებების შემოთავაზების გარეშე, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობის ბლანკეტური გაუქმება არაგონივრულად და არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებს და აზიანებს არჩევნების საყოველთაობის პრინციპს. „სამართლიანი არჩევნები” საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი/მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დასაცავად სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და გამოიყენებს ყველა შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს.

ახალი საარჩევნო კოდექსის სრულ ანალიზს „სამართლიანი არჩევნები” მოგვიანებით წარმოადგენს.