განცხადებები

,,სამართლიანი არჩევნების” დახმარებით კიდევ ერთმა მოქალაქემ მოიგო დავა სასამართლოში

2024 წლის 10 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მსგავსად, დააკმაყოფილა მაია ქასრაშვილის მოთხოვნები. ორივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" გამოცემული ბრძანება მაია ქასრაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე მხარეს ქასრაშვილის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.

მაია ქასრაშვილი 2019 წლის 2 სექტემბრიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე. 2022 წლის 19 დეკემბერს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების საფუძველზე, ქასრაშვილი გათავისუფლდა კლინიკური მენეჯერის პოზიციიდან, კლინიკაში გამოვლენილი ადმინისტრაციული დარღვევის მომიზეზებით. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გათავისუფლებამდე მაია ქასრაშვილს სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლა მოსთხოვა როგორც მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, ასევე ხელმძღვანელის მოადგილემ.

მაია ქასრაშვილი მიიჩნევდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა უკავშირდებოდა მისი მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობას. ქასრაშვილის მეუღლე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებზე ხარაგაულის მერად იყრიდა კენჭს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიიდან. სწორედ მეუღლის კანდიდატად წამოყენების შემდეგ დაიწყო ქასრაშვილის მიმართ სამუშაო ადგილზე – კლინიკაში მტრული სამუშაო გარემოს შექმნა.

მაია ქასრაშვილმა სასამართლოში წარდგენილი სარჩელის საფუძველზე მოითხოვა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, სასამართლომ მაია ქასრაშვილის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდი მის აღდგენამდე ჩათვალა იძულებით მოცდენად. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა მაია ქასრაშვილის გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის ანაზღაურება, ასევე კომპენსაციის გადახდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციის დადგენის ნაწილში. სასამართლოს არ გამოუკვლევია, რა პრინციპით მოქმედებდა მოწინააღმდეგე მხარე ქასრაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ - შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა“ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ზესტაფონის რაინული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. თუმცა, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. 

მაია ქასრაშვილის ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების” ადვოკატები თეა თედლიაშვილი და  ანა ჩაფიძე იცავდნენ. 

 

„სამართლიანი არჩევნები” უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და  სავარაუდო უკანონოდ პოლიტიკური  ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.

 

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

0 800 100 143;

info@isfed.ge 

 

ზარი უფასოა.