„სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან სასამართლო დავა კიდევ ერთმა პირმა მოიგო
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო სარჩელი და ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც 2021 წელს ეკატერინე მაისაიას ამ სააგენტოდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ეკატერინე მაისაია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2004 წლიდან იყო დასაქმებული. სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში" იგი 2009 წლიდან თავდაპირველად ნებართვების სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა.
2021 წლის 25 ნოემბერს თანამშრომელთა კომპეტენციის დადასტურების მიზნით სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო, რომელიც ორი ეტაპისგან - ტესტირება და გასაუბრება - შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში მომუშავე პირთა ცოდნის შესაფასებლად ტესტირება განისაზღვრა ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. რეორგანიზაციის პროცესში არ შემოწმებულა დასაქმებული პირების პროფესიული ცოდნა.
პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ ტესტირების პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების საფუძველზე არ იყო დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ეკატერინე მაისაიამ წარმატებით გაიარა როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების ეტაპები, თუმცა იგი სამსახურიდან მაინც გაათავისუფლეს 2022 წლის 14 იანვარს, იმ მიზეზით, რომ მისი კომპეტენცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ პოზიციას.
აღსანიშნავია, რომ გასაუბრების პროცესს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები, რომელთაც პროფესიული ცოდნის საფუძველზე შეეძლოთ თანამშრომელთა (ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეების, რესტავრატორების) კომპეტენციის შეფასება. მათ ნაცვლად, საკონკურსო კომისიაში გადაწყვეტილებას იღებდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამდებობის პირები, ძირითადად იურისტები, რომელთაც არ ჰქონდათ თანამშრომელთა შესასაფასებლად საჭირო სპეციფიკური პროფესიული ცოდნა ან/და გამოცდილება. გასაუბრების პროცესში არ ხდებოდა აუდიო/ვიდეო ჩაწერა. ამ პირობებში ჩატარებული გასაუბრების დროს შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის ცოდნის/პროფესიული გამოცდილების სამართლიანი შეფასება.
სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნების" ადვოკატი - თეონა კილაძე იცავდა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლის რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლდნენ სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგად არის ცნობილი პროფესიულ წრეებში.
შესაბამისად, ამ მასშტაბით კვალიფიციური პროფესიონალების თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო, ხოლო სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება. „სამართლიანი არჩევნების" დახმარებით სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა ნაწილმა უკვე შეძლო სასამართლოში რამდენიმე დავის მოგება.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, მოგვწერეთ:
info@isfed.ge