„სამართლიანმა არჩევნებმა” კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებული მაია ჩოლოყაშვილის ინტერესები უზენაეს სასამართლოშიც წარმატებით დაიცვა
2026 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, უკანონოდ ცნო მაია ჩოლოყაშვილის სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან“ გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2021 წლის 25 ნოემბერს, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში“ თანამშრომელთა კომპეტენციის დადასტურების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში დასაქმებულთა კომპეტენციის დასადასტურებლად ტესტირება ზოგად უნარებსა და მათემატიკაში დაინიშნა. ტესტირება პროფესიულ კითხვებს არ მოიცავდა და კომპეტენციის დადასტურების მინიმალური ზღვარიც არ იყო დადგენილი.
მაია ჩოლოყაშვილმა წარმატებით გაიარა როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების ეტაპი და მასთან ახალი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა 9 თვის შემდეგ მინისტრმა საკადრო წმენდის ახალი ეტაპის დაწყება გადაწყვიტა და რეორგანიზაცია კვლავ წამოიწყო. 2022 წლის 15 იანვარს, მიუხედავად იმისა, რომ მაია ჩოლოყაშვილს რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე ტესტირება და გასაუბრება გავლილი ჰქონდა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. საფუძვლად მიუთითეს, რომ მისი კომპეტენცია დაკავებულ პოზიციას არ შეესაბამებოდა.
აღსანიშნავია, რომ არცერთი რეორგანიზაციის დროს გასაუბრებას დარგის პროფესიონალები არ ესწრებოდნენ. მათ ნაცვლად კომისიაში ექსპერტების რანგში მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც სფეროს წარმომადგენლები არ იყვნენ. ძირითადად ეს იყვნენ იურისტები, რომლებიც სვამდნენ ზოგად კითხვებს, რომლებსაც მოსარჩელის საქმიანობასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. ამასთან, გასაუბრების აუდიო- და ვიდეოჩაწერა არ ხორციელდებოდა.
მაია ჩოლოყაშვილი სააგენტოში 2011 წლიდან იყო დასაქმებული, არქეოლოგიის სამსახურში, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ის მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახურში გადაიყვანეს. მაია ჩოლოყაშვილი ამზადებდა გამოცემებს, პუბლიკაციებს და გზამკვლევებს, მუშაობდა სტატიებზე და სხვ. მისი საქმიანობა არსებითად მნიშვნელოვანი იყო სააგენტოს ნორმალური ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციისთვის. მისი საქმიანობა ყოველთვის დადებითად ფასდებოდა და ის სააგენტოს ღირსეული თანამშრომელი იყო, თუმცა ახალი ხელმძღვანელობისთვის სასურველი თანამშრომელი არ აღმოჩნდა და სრულიად დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად მიუთითეს, რომ მისი კვალიფიკაცია დაკავებულ პოზიციას არ შეესაბამებოდა, მაშინ, როცა ის სააგენტოში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
მაია ჩოლოყაშვილმა საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. 2025-2026 წლებში ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩოლოყაშვილის სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან” გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მოპასუხეს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 2026 წლის 2026 წლის 8 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომაც გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებები.
„სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს მოქალაქეთა ინტერესების დაცვას შრომით დავებში სამართლიანი და არადისკრიმინაციული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, გთხოვთ, მოგვწეროთ: info@isfed.ge.