განცხადებები

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შემზღუდველი ახალი კანონპროექტებით გათვალისწინებული ცვლილებების არსი და შეფასება

მოკლე შინაარსი

წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს 2026 წლის იანვარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით დამატებითი შეზღუდვების შემოტანას ითვალისწინებს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სტანდარტებს და ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის გამყარებისა და რეპრესიების მიმართულებით მორიგ ნაბიჯებს წარმოადგენს.

ცვლილებების ძირითადი მიმართულებები და საფრთხეები:

  1. გრანტის ცნების გაფართოება და კრიმინალიზაცია:
    • არსებითად ფართოვდება „გრანტის“ ცნება, რაც საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, უცხო ქვეყნის მოქალაქის, იურიდიული პირის ან სახელმწიფო ნებისმიერი ტიპის მატერიალური თუ არამატერიალური დახმარება (მათ შორის, ექსპერტიზის გაზიარება) მკაცრ კონტროლს დაუქვემდებაროს.
    • გრანტების გამოყენებაზე მთავრობის წინასწარი თანხმობის მექანიზმი ძველ გრანტებზე  უკუძალით გავრცელდება.
    • დადგენილი წესების დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც გაითვალისწინებს.
  2. პოლიტიკური საქმიანობის ცნების გაფართოება:
    • ტერმინი განცხადებული „საარჩევნო მიზანი“ იცვლება ბუნდოვანი ტერმინით „პარტიულ-პოლიტიკური მიზნით“. ეს ცვლილება შესაძლებელს ხდის ნებისმიერი აქტიური მოქალაქე, სამოქალაქო ორგანიზაცია ან მოძრაობა გათანაბრდეს პოლიტიკურ პარტიასთან და დაექვემდებაროს რეპრესიულ სანქციებს.
    • გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, რაც არღვევს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას.
  3. პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა:
    • შემოდის 8 წლიანი აკრძალვა პოლიტიკური პარტიის წევრობაზე იმ პირებისთვის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ მიღებული ე.წ. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებთან“ შრომითი ურთიერთობით.
    • ეს ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს პასიური საარჩევნო უფლების თვითნებურ ჩამორთმევას.
  4. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა:
    • მეწარმე იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი „პოლიტიკური აქტივობა“, რაც მათ სრულად გამორიცხავს საჯარო დისკუსიიდან.
    • სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი „ექსტრემიზმის“ შესახებ, რომელიც იმდენად ბუნდოვანია, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკოსის წინააღმდეგ.


 

I. შესავალი

 

2026 წლის 21 იანვარს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით დამატებითი შეზღუდვების შემოტანას ითვალისწინებს. ცვლილებები შედის საქართველოს კანონებში „გრანტების შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სხვა მომიჯნავე საკანონმდებლო აქტებში. აღნიშნული კანონპროექტები 18 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო და, სავარაუდოდ, მისი ძირითადი არსი მესამე მოსმენისთვის აღარ შეიცვლება. 

კანონპროექტებით გათვალისწინებული ცვლილებების შინაარსი პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: რეგულაციების ერთი ნაწილი დამატებით შეზღუდვებს აწესებს უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებაზე, საგრძნობლად აფართოებს რა გრანტის ცნებას და ამკაცრებს დაწესებულ სანქციებს; მეორე ნაწილი, ასევე, აფართოებს პოლიტიკაში მონაწილეობისა და საქმიანობის ცნებებს და პარტიის წევრობაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს; ხოლო მესამე ნაწილი ფიზიკური პირებისა და მეწარმე იურიდიული პირებისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებს ითვალისწინებს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (შემდგომში „სამართლიანი არჩვენები“) შეფასებით, თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სტანდარტებს და ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის გამყარებისა და რეპრესიების მიმართულებით მორიგ ნაბიჯებს წარმოადგენს. წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია ინიციირებული ძირითადი ცვლილებების არსი და „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებები.  

 

 

II. ძირითადი ცვლილებების არსი და შეფასება

 

1. დამატებითი შეზღუდვები უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებაზე: გრანტისა და მისი გამოყენების რეგულირების გაფართოება და სანქციების გამკაცრება

საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ცვლილებები შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც არსებითად ცვლის და აუარესებს ცალკეული საკითხების მიმართ აქამდე მოქმედ საკანონმდებლო რეგულირებას. კანონპროექტის ავტორი - ფრაქცია „ქართული ოცნება“  განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს სუვერენიტეტის უფრო მეტად დაცვისა და განმტკიცების მიზნით იქნა წარდგენილი“. ამავდროულად, მასში აღნიშნულია, რომ თითქოსდა უკვე დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენდეს ის გარემოება, რომ ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოყენების საფრთხე ჰქონდეს. აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია სათანადო დასაბუთებას, რადგანაც იგი არ ეყრდნობა ემპირიულ მტკიცებულებებს და უგულებელყოფს იმ პოზიტიურ როლს, რომელსაც განხილული გრანტები ქვეყნის განვითარების პროცესში ასრულებდა. ასევე, ეს მიდგომა ახდენს პარტნიორი ორგანიზაციებისა და დონორების დემონიზაციას და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციას, ნაცვლად რეალური რისკების ობიექტური შეფასებისა.

 

1.1 გრანტის ცნების გაფართოება და სანქციების გამკაცრება

ცვლილებებით არსებითად ფართოვდება გრანტის ცნება, კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, გრანტად, ასევე, მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე, იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

ახალი რეგულირებით გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდაც ამ სახსრების მიმღები ამავე სახსრების გამცემისთვის ტექნიკურ დახმარებას ეწევა ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. გრანტად ასევე მიიჩნევა უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება რომელიც გაწეულია ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ასევე, სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული თავისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, აღნიშნული არ ვრცელდება ბიზნეს საქმიანობის განხორციელების მიზნით ფულადი სახსრების გადაცემის შემთხვევაზე. 

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები გაუმართლებლად აფართოებს გრანტის ცნებას და, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის ნორმის განჭვრეტადობას, რაც კანონის მიკერძოებული და არაკეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, სრულიად აქრობს ზღვარს გრანტსა და სხვაგვარ მომსახურებას ან/და დახმარებას შორის. ეს კი სახელმწიფო სტრუქტურებს აძლევს საშუალებას, უცხო ქვეყნის მოქალაქის, იურიდიული პირის ან სახელმწიფოს მიერ გაწეული ნებისმიერი ტიპის მატერიალური ან არამატერიალური დახმარება, პროფესიული თანამშრომლობა თუ ცოდნის გაზიარება თვითნებურად დაუქვემდებარონ გრანტისთვის დადგენილ მკაცრ რეგულაციებს. მსგავსი ფართო დეფინიცია და ბუნდოვანება, როგორ ჩანს, მიზნად ისახავს ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის გაკონტროლებასა და მათი ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვას.

ცვლილებების თანახმად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მსგავსი სანქციის დაწესება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის, როგორც უკიდურესი საშუალების (Ultima Ratio) განსაზღვრისა და გამოყენების პრინციპს. ამასთან, ბლანკეტური ნორმების არსებობა წარმოშობს ფართო დისკრეციის რისკს, რომლის არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ შესაძლოა მსუსხავი ეფექტი შექმნას.

ამასთანავე, ცვლილებების მიხედვით, გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. თუ მონიტორინგის განხორციელების დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება გამოავლინა, იგი ვალდებული იქნება, მის ხელთ არსებული ყველა მასალა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაუგზავნოს. დანაშაულის ნიშნების არსებობისას, დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საგამოძიებო ორგანო.

 

1.2. გრანტების გასაცემად მთავრობის თანხმობის მექანიზმისთვის უკუძალის მინიჭება

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, თუკი კანონით გათვალისწინებულმა პირმა გრანტი „გრანტების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე/კანონმდებლობის დარღვევით მიიღო და ის არ გამოუყენებია, ან პირს მიღებული აქვს გრანტი, რომელიც ადრე მთავრობის თანხმობას არ საჭიროებდა, ვალდებულია, გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს მთავრობას. მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გრანტის გამოყენება იკრძალება და გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. 

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა კანონპროექტის უკუძალის საკითხი, სახელმწიფო ახალ პასუხისმგებლობასა და ბიუროკრატიულ ბარიერებს ავრცელებს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე ლეგიტიმურად წარმოიშვა. ყოველივე ქმნის საშიშ პრეცედენტს, როდესაც წარსულში განხორციელებული კანონიერი ქმედება შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. მსგავსი მიდგომა სრულად უგულებელყოფს სამართლებრივი უსაფრთხოების სტანდარტებს. ამასთან, აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს სამოქალაქო სექტორის ფინანსური პარალიზების მიზანმიმართულ მექანიზმს. უკვე მიღებული გრანტის გამოყენების აკრძალვა და მისი კრიმინალიზაცია გამოიწვევს ბევრი ორგანიზაციის იძულებით თვითლიკვიდაციას, ვინაიდან ისინი ვეღარ შეასრულებენ ფინანსურ ვალდებულებებს თანამშრომლების, სხვა კონტრაჰენტებისა  და დონორების წინაშე. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი სცილდება სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებს და შემდგომ რეპრესიებს ემსახურება.

 

1.3. სხვა სახელმწიფოს იურიდიულ პირებზე კანონპროექტით დადგენილი მოთხოვნების გავრცელება

ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას, აგრეთვე, საჭიროებს სხვა სახელმწიფოს იურიდიულ პირზე გრანტის გაცემა, თუ ამ უკანასკნელის საქმიანობა „არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას”. 

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნული მოთხოვნა პრობლემურია საერთაშორისო სამართლის ჭრილში, რადგანაც სახელმწიფოს იურისდიქცია, როგორც წესი, შემოიფარგლება მისი ტერიტორიული საზღვრებით. მოცემული ნორმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, დაადგინოს ქცევის წესები და ბიუროკრატიული ვალდებულებები იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით, ფიზიკურად იმყოფებიან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არ ექვემდებარებიან საქართველოს იურისდიქციას, რაც წარმოადგენს ექსტრატერიტორიული კონტროლის დამყარების მცდელობას. ასევე, ბუნდოვანია, კონკრეტულად რას ნიშნავს ჩანაწერი „საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას”, რაც შექმნის პრობლემას ნორმის  განჭვრეტადობის კუთხით. 

 

 

2. პოლიტიკაში მონაწილეობისა და საქმიანობის ცნებების გაფართოება, პარტიის წევრობაზე დამატებითი შეზღუდვები და სანქციების გამკაცრება  

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები არსებითად ცვლის პოლიტიკური საქმიანობის რეგულირების არსს საქართველოში. ცვლილებები აფართოებს სახელმწიფოს ჩარევას არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ინდივიდების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა თუ არარეგისტრირებული სოციალური მოძრაობების საქმიანობაში, ამცირებს პოლიტიკური პლურალიზმის სივრცეს და ქმნის სისხლისსამართლებრივი დევნის რეალურ რისკებს მშვიდობიანი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობისთვის. წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი ზღუდავს ისეთ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორებიცაა აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება, პოლიტიკური პარტიების თავისუფლება, საარჩევნო უფლება და საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. ამასთანავე, იგი არღვევს პროპორციულობის, კანონით განსაზღვრულობისა და ეფექტიანი დაცვის პრინციპებს. ეს მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციითა და სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებთან. იგი ქმნის „მსუსხავ ეფექტს“, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის რისკებს. ცვლილებები ერთობლიობაში აყალიბებს პოლიტიკური პლურალიზმის სისტემური დემონტაჟის წინაპირობას, რაც ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიული სახელმწიფოს მინიმალურ სტანდარტებს.

 

2.1. „საარჩევნო მიზნის“ ჩანაცვლება „პარტიულ-პოლიტიკური მიზნით“

ცვლილებათა პროექტით უქმდება მკაფიო კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც პირი საარჩევნო მიზნის მქონედ ითვლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ის საჯაროდ აცხადებდა არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს. ტერმინის „საარჩევნო მიზნის“ „პარტიულ-პოლიტიკური მიზნით“ ჩანაცვლება რადიკალურად აფართოებს რეგულირების არეს. თუ აქამდე სამართლებრივი შედეგები უკავშირდებოდა კონკრეტულ და ობიექტურად დადგენად ქცევას, არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის საჯარო დეკლარირებას, ახალი განსაზღვრება მოიცავს ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც „არ არის რეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, თუმცა თავისი საქმიანობის შინაარსითა და საჯარო მოქმედებით, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, არსებითად ჰგავს პოლიტიკურ პარტიას“. „სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, მოცემული ფორმულირება, იმ პირობებში, რომ მასში მოცემული არ არის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი, რაც არსებითია პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისათვის, უკიდურესად ბუნდოვანია, ვერ აკმაყოფილებს ნორმის განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ქმნის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით გარანტირებული გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებების უხეშად დარღვევის რისკებს.

წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტის მიღებით იქმნება წინაპირობა, თვითნებური ინტერპრეტაციის პირობებში, სამოქალაქო ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები, არარეგისტრირებულ სოციალური მოძრაობები ან აქტიური მოქალაქეები გათანაბრდნენ პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ინიციატივის მიხედვით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონიდან ამოღებულ იქნება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ. ამასთან, ცვლილებათა პაკეტით კვლავ გათვალისწინებულია, რომ დაუშვებელია შეზღუდვების გამოყენება გამოხატვის თავისუფლებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ. თუმცა, მიუხედავად ამისა, კანონის თვითნებური ინტერპრეტაციით პოლიტიზებული გადაწყვეტილების მიღების პრეცედენტი საქართველოში უკვე არსებობს, როდესაც ჯერ კიდევ კანონის ძველი რედაქციის მოქმედების პირობებში, 2024 წლის 24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად ცნო. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ანტიკორუფციული ბიუროს ეს გადაწყვეტილება უკანონოდ შეაფასა, ვინაიდან იგი არ შეესაბამებოდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ცნების განმარტებას. გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ქმნიდა სახიფათო პრეცედენტს იმისთვის, რომ იგი გამოყენებული ყოფილიყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვისთვის. მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

„ქართული ოცნების“ მიერ უკანასკნელად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით უზრუნველყოფილი აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებში, აგრეთვე, 21-ე და 22-ე მუხლებით გარანტირებული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებში არაპროპორციული და თვითნებური ჩარევის საფუძვლებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით, მე-10 და მე-11 მუხლებით დაცული გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებები შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ იმგვარ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით ან სხვათა უფლებების დასაცავად. ამასთანავე, კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, ზემოხსენებულ თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისთვის. იმავე სულისკვეთებას გამოხატავს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც, რომლის მე-19, 21-ე და 22-ე მუხლები იცავს აზრის შეუფერხებლად გამოხატვის, შვიდობიანი შეკრებებისა და სხვებთან ასოციაციის უფლებებს. თითოეული ადამიანის უფლება, თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი, მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტაბილურად მიუთითებს, რომ კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებებში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ შეზღუდვა არის „კანონით განსაზღვრული“, რაც მოიცავს ნორმის სიზუსტეს, წინასწარ განჭვრეტადობას, აუცილებლობას, პროპორციულობასა და თვითნებობისგან დაცვას. საქმეში „სანდეი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა, რომ ნორმა არ შეიძლება ჩაითვალოს „კანონად“, თუ ის არ არის ჩამოყალიბებული საკმარისი სიზუსტით, რათა მოქალაქეს შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კონსულტაციის მიღებით, იმ ხარისხით, რაც გონივრულია არსებულ გარემოებებში, წინასწარ განჭვრიტოს ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ ქმედებას. ანალოგიურად, საქმეში „მაესტრი იტალიის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონში საკმარისი სიცხადით უნდა იყოს მითითებული ნებისმიერი იმგვარი უფლებამოსილების შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებაში ჩარევასთან არის დაკავშირებული. საქმეში „მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ ასევე მიუთითა საჯარო ხელისუფლებისთვის მინიჭებული შესაბამისი დისკრეციის ფარგლებისა და განხორციელების წესის გონივრული სიცხადით განსაზღვრის მნიშვნელობაზე, რომლის გარეშეც სამართლებრივი დაცვის მინიმალური ხარისხი არ არსებობს, რისი უფლებაც გააჩნიათ მოქალაქეებს, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლის უზენაესობის შესაბამისად.

ცნება „მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა“ არ შეიცავს არანაირ ობიექტურ საზღვარს და პრაქტიკაში შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო აქტივობაზე, მედიაკომენტარებზე, სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვაზე და ა.შ. აუდიტის სამსახურისთვის უფლებამოსილებების მინიჭება, განსაზღვროს შესაბამისი სტატუსი და მიმართოს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა გამოკითხვა, მონიტორინგი და სასამართლოში დაკითხვის ინიციირება, მათი რეპრესიული მიზნით გამოყენების რისკებს წარმოშობს. საერთაშორისო სტანდარტებით, მაკონტროლებელი ორგანოები უნდა მოქმედებდნენ მკაცრად განსაზღვრული მანდატით და პოლიტიკური ნეიტრალობის მაღალი გარანტიებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სათანადოდ უზრუნველყოფილი არ არის. ამასთან ერთად, ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლით გარანტირებული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას. როდესაც ადმინისტრაციული გადაწყვეტილება მყისიერად ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს, იგი მკაცრ სასამართლო კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის შესაბამისად, ყველას უნდა ჰქონდეს ეფექტური საშუალება ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა. განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტებისთვის დეკლარირების წესების დარღვევა სისხლისსამართლებრივად დაისჯება, რაც ძლიერ „მსუსხავ ეფექტს“ წარმოშობს. ეს უკანასკნელი კი თავისთავად გავლენას ახდენს გამოხატვის თავისუფლების რეალურ განხორციელებაზე, მიუხედავად იმისა, რამდენად ხშირად იქნება იგი გამოყენებული პრაქტიკაში.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით „ქართული ოცნება“ დამატებით ეგზისტენციალურ გამოწვევას უქმნის სამოქალაქო ორგანიზაციებს, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებსაც. საქართველომ, ამ დოკუმენტის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს, რომ პირებს ჰქონდეთ გაერთიანების უფლების გამოყენების უფლება, მათ შორის, გაერთიანდნენ და ეფექტური მონაწილეობა მიიღონ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ცდილობენ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვას. ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის შესაბამისად, სახელმწიფომ ასეთი ორგანიზაციებისა და ჯგუფების წევრებს ნება უნდა დართოს, რომ შეუფერხებლად დაუკავშირდნენ მსგავს გაერთიანებებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩაერთონ ასეთ ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან გაცვლაში, კონტაქტებსა და თანამშრომლობაში და მოითხოვონ, მიიღონ და გამოიყენონ ნებაყოფლობითი ფინანსური შენატანები ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან, კანონით გათვალისწინებული წესით, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.

 

2.2. პარტიის წევრობის რვაწლიანი აკრძალვა მოქალაქეთა ნაწილისთვის

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის ვადით ეკრძალებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციასთან“ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს შემოსავალი. „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის 28 მაისს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მიიჩნევა ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (გარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისა, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციისა და „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულებისა), რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; აგრეთვე, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ ითვლებიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაუწყებლები და  ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად საქართველოში მოქმედი მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალების მფლობელი ან მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის მფლობელი/გამომყენებელი იურიდიული პირები, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო ასევე უცხოური ძალაა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციირებამდე „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა საქართველოს საარჩევნო კოდექსი და აკრძალა პოლიტიკური პარტიებისთვის არაწევრი კანდიდატების ნომინირება და პარტიულ სიაში განთავსება. შედეგად, ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში კენჭისყრა შეუძლებელი იქნება პარტიის წევრობის გარეშე, ვინაიდან ქვეყნის კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით, არ უშვებს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დამოუკიდებელი კანდიდატების ნომინირების შესაძლებლობას. ამდენად, პარტიის წევრობის 8 წლით შეზღუდვა ავტომატურად ნიშნავს პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევასაც იმავე ვადით.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, წარმოდგენილი ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი უზრუნველყოფს მოქალაქეთა გაერთიანების თავისუფლებას. კონსტიტუციის 23-ე მუხლი ასევე იცავს პოლიტიკური პარტიის თავისუფლებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. ამასთანავე, კონსტიტუციის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მაგალითად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც და სასამართლოს განაჩენით შეფარდებული არ აქვს თავისუფლების აღკვეთა. ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის თანახმად, საარჩევნო უფლების ასაკობრივი, მოქალაქეობრივი და ბინადრობის ცენზებით შეზღუდვის პარალელურად, კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს ცალკეული პირებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვასაც, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულობის პრინციპის დაცვით. ამასთან, პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სასამართლოს სათანადო გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნების“ ინიციატივა სცდება პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის დაშვებულ ზღვარს და წარმოადგენს სრულად ანტიკონსტიტუციურ ცვლილებას.

„ქართული ოცნების“ ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან და სცდება გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ფარგლებსაც. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკური პარტიების უფლებებზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და პროპორციული ხასიათის. ეს სამართლებრივი ნორმები სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, დააწესონ შეზღუდვები პოლიციის, შეიარაღებული ძალების წევრებისა და საჯარო მოსამსახურეების თავისუფალ გაერთიანებაზე. სხვადასხვა სახელმწიფო ასევე ზღუდავს მოსამართლეების პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას, რათა შენარჩუნდეს ნდობა მათი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ნებისმიერი გადახრა ზემოხსენებულ პირთა კატეგორიიდან მოითხოვს მკაფიოდ დასაბუთებულ ობიექტურ საფუძველს. ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სტანდარტებით, შეზღუდვების საჭიროება ფრთხილად უნდა იყოს აწონ-დაწონილი; დემოკრატიულ პროცესში პოლიტიკური პარტიების ფუნდამენტური როლის გათვალისწინებით, ამკრძალავი ზომები უნდა იქნას გამოყენებული ვიწროდ და არასდროს უნდა გააქროს სრულად ეს უფლება ან არ უნდა ხელყოს მისი არსი. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „გორზელიკი და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ“ აღნიშნა, გაერთიანების თავისუფლების წესიდან გამონაკლისები მკაცრად უნდა იქნას განმარტებული და მხოლოდ დამაჯერებელი მიზეზები შეიძლება ამართლებდეს ამ თავისუფლების შეზღუდვას.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციასთან შრომითი ურთიერთობის გამო პასიური საარჩევნო უფლების ფაქტობრივი ჩამორთმევა არ ეფუძნება ლეგიტიმურ მიზანს და ვერ აკმაყოფილებს ვერც პროპორციულობის და ვერც ინდივიდუალური შესწავლის მოთხოვნას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით დაცული საარჩევნო უფლების (როგორც აქტიურ, ისე პასიურ ნაწილში) მნიშვნელობას ეფექტური დემოკრატიის პირობებში და, შესაბამისად, მის უმთავრეს მნიშვნელობას კონვენციის სისტემაში. საქმეში „იუმაკი და სადაკი თურქეთის წინააღმდეგ“ მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ მუხლით გარანტირებული უფლებები გადამწყვეტია კანონის უზენაესობით მართული ეფექტური და შინაარსიანი დემოკრატიის საფუძვლების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის. საქმეში „მატიე-მოჰინი და კლერფეიტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ თავისუფალი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს და საარჩევნო უფლებაზე დაწესებული პირობები არ უნდა ზღუდავდეს ამ უფლებას იმდენად, რომ აზიანებდეს მის არსს, ამავდროულად, იგი უნდა ეფუძნებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს პროპორციული. საქმეში „ადამსონი ლატვიის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა დაეფუძნოს თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური განხილვის მიდგომას, რაც საშუალებას იძლევა, გათვალისწინებული იქნას  კონკრეტული პირის ფაქტობრივი ქცევის ხასიათი. საქმეში „ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებულ უფლებებზე დაწესებული ნებისმიერი პირობა უნდა ასახავდეს ან არ ეწინააღმდეგებოდეს იმ საარჩევნო პროცედურის სანდოობასა და ეფექტიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ნების იდენტიფიცირებას საყოველთაო საარჩევნო უფლების მეშვეობით. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ საყოველთაო საარჩევნო უფლების პრინციპიდან ნებისმიერი გადახვევა საფრთხეს უქმნის ამგვარად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს და მის მიერ გამოქვეყნებული კანონების დემოკრატიულ ვალიდურობას. შესაბამისად, მოსახლეობის ნებისმიერი ჯგუფის ან კატეგორიის გამორიცხვა უნდა შეესაბამებოდეს ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლის ძირითად მიზნებს (იხ. „აზიზი კვიპროსის წინააღმდეგ“).

ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და მრავალპარტიულ სისტემას, როგორც დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელ ელემენტებს. იგი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ინდივიდთა უფლება, შექმნან პოლიტიკური პარტიები და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, შეუერთდნენ მათ ან დატოვონ ისინი საკუთარი შეხედულებისამებრ. პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები უნდა სარგებლობდნენ კანონის წინაშე თანასწორობით და არ უნდა დაექვემდებარონ დისკრიმინაციას ხელისუფლების მხრიდან. 

 

2.3. პოლიტიკური პარტიისა და პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიქეტის მიერ უცხოური დაფინანსების მიღების სრული კრიმინალიზაცია

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილებით, პოლიტიკური პარტიის ან  პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ ნებისმიერი უცხოური სახსრების მიღება გამოიწვევს ხელმძღვანელი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამასთანავე, განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის მიერ აკრძალული შემოწირულების მიღება, დეკლარაციის წარუდგენლობა ან დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა გამოიწვევს ამ სტატუსის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პარტიის მიერ ნებისმიერი სახის უცხოური შემოწირულების მიღების შემთხვევაში, ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

„სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, სახელმწიფოს უფლება აქვს, დაიცვას დემოკრატიული წესრიგი და ეროვნული უსაფრთხოება, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და სანქცია უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის სტანდარტების მიხედვით, შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დამრღვევი პოლიტიკური პარტიებისთვის დაკისრებული სანქციები ყოველთვის უნდა იყოს ობიექტური, ეფექტური და კონკრეტული დარღვევის პროპორციული. დაფინანსების სფეროში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადმინისტრაციულ და ფინანსურ სანქციებს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კი შეიძლება, განიხილებოდეს როგორც უკიდურესი გამონაკლისი და გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკლებად მძიმე სამართლებრივი მექანიზმები არ არის ეფექტური. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება არა აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, არამედ წარმოადგენს რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებისთვის მორიგ საკანონმდებლო ბაზას.

 

 

3. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა 

3.1. მეწარმე იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების აკრძალვა

წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტი, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. მსგავსი სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ან/და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) განმეორებით იგივე ქმედების ჩადენა უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ასეთი ქმედება დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

კანონის მიზნებისათვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. 

„სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, მსგავსი რეგულაცია მეწარმე იურიდიულ პირებს სრულად გამორიცხავს საჯარო პოლიტიკური დისკუსიიდან და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, თვითნებურად შეზღუდოს სექტორში დასაქმებული პირების პოლიტიკური გამოხატვა. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური აქტივობა იმდენად ფართოდ და არაგანჭვრეტადად არის განმარტებული, ამ რეგულაციით არაპროპორციულად იზღუდება ადამიანის უფლებების სამართლით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული უფლება - გამოხატვის თავისუფლება. 

გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სისტემაში, რადგან სწორედ ის განაპირობებს სხვა უფლებებით და თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში. კონსტიტუცია კი იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს".

 

3.2. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმის ცნების შემოტანა

პარლამენტში კანონპროექტების განხილვის პროცესში, მეორე მოსმენაზე, „ქართული ოცნების“ წევრების ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი სახელწოდებით „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

„სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, მსგავსი რეგულაციაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ და არაგონივრულ შეზღუდვას წარმოადგენს. არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს მუხლი გამოყენებულ იქნას იმ პირთა დევნისთვის, ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნება“ ან/და არ იზიარებს და აკრიტიკებს პარტიის ან რომელიმე სახელმწიფო უწყების მიერ გატარებულ პოლიტიკას.