განცხადებები

სამოქალაქო ინიციატივა “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეფორმები დაუყოვნებლივ დაიწყოს

“გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ვეხმაურებით ევროკომისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის საბჭოს მიმართ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების თაობაზე.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მიმართ კომისიის მოსაზრებები უკიდურესად კრიტიკულია, და  უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებით არ შეიცავს რეკომენდაციას წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მიმდინარე პროცესისადმი და მიზანმიმართული, დამაზიანებელი ნაბიჯები, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ძირს უთხრიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას - გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი.

მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ევროკავშირი არ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას და ამის დასტურია ის ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება გარანტირებული იქნება. 24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლების უმაღლესმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა სწრაფად გადადგან ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და ამით ძლიერი გზავნილი გაუგზავნონ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ.

ევროკომისიის მოსაზრების თანახმად, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას, კანდიდატობის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია:

  1. ე.წ. შარლ-მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება;
  2. ყველა სახელმწიფო უწყების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
  3. საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება;
  4. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა;
  5. ანტიკორუფციული რეფორმა;
  6. საქართველოს დეოლიგარქიზაცია;
  7. ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდა;
  8. მედია გარემოს გააუმჯობესება;
  9. ადამიანის უფლებების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების დაცვა;
  10. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
  11. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
  12. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება;
  13. სახალხო დამცველის არჩევის პროცესში დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა;

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, გამოავლინონ მზაობა ზემოხსენებული საკითხების გადასაწყვეტად და გადავიდნენ მოქმედებაზე, რათა 24 ივნისამდე უზრუნველყონ კონკრეტული ინიციატივების მიღება და ძირითადი დამაბრკოლებელი ბარიერების მოხსნა.

ჩვენის მხრივ, მზად ვართ სახელმწიფო ორგანოებს გადავცეთ ჩვენს მიერ წლების მუშაობის შედეგად შექმნილი ცვლილებების პაკეტები.