განცხადებები

შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების ცნობის წესის ცვლილება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი პოლიტიკური ჩიხის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაწყვეტას ემსახურება

საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, რომელთა მიხედვით, ექსკლუზიურად იცვლება შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის წესი. კერძოდ, შუალედურ არჩევნებზე გამარჯვებული საკრებულოს მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილება არა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცნობის, არამედ შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.  

 

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება.1 

 

ორგანულ კანონებში შესატან ცვლილებებს იდენტური შინაარსის განმარტებითი ბარათები ახლავს, რომელთა მიხედვით კანონის შეცვლის მიზნად  მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის ერთნაირი სტანდარტის დაწესებაა მითითებული. კანონპროქტის ინიციატორთა ლოგიკით, ვინაიდან მერის უფლებამოსილების დაწყება შესაბამის შემაჯამებელ ოქმზეა დამოკიდებული, იგივე სტანდარტი უნდა გავრცელდეს შუალედურ არჩევნებზე არჩეულ საკრებულოს მაჟორიტარ წევრზე. თუმცა, დაუსაბუთებელია, რატომ არის მიზანი მერისა და მხოლოდ შუალედურ არჩევნებზე არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის წესის ერთნაირი მოწესრიგება, მაშინ როდესაც ცვლილება არ ეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ არჩევნებზე არჩეულ მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეულ წევრებს. ასევე დაუსაბუთებელია, რატომ უნდა არსებობდეს უფლებამოსილების ცნობის ერთნაირი სტანდარტი მუნიციპალიტეტის მერისა და შუალედურ არჩევნებში არჩეული კოლეგიური ორგანოს - საკრებულოს დეპუტატისთვის.  

 

განსაკუთრებით პრობლემურია „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მე-2 მუხლი, რომელიც მიზნად ისახავს ცვლილება გავრცელდეს უკვე არსებულ სამართალ ურთიერთობაზე და არის პოლიტიკური მიზნებით განპირობებულ კანონის რეტროსპექტიულად გავრცელების მცდელობა, რაც კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

 

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არის პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი და ემსახურება საკანონმდებლო რესურსის გამოყენებით მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა განაწილების გამო შექმნილი პოლიტიკური ჩიხის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაწყვეტას.   

 

საქმე ისაა, რომ ბათუმის საკრებულოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეული  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო, გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ, 12 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს სხდომა დანიშნა. სხდომაზე იგეგმებოდა „ქართული ოცნებიდან“ ახლად არჩეული დეპუტატის, რამაზ ჯინჭარაძის, უფლებამოსილების ცნობა, თუმცა სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა. დღემდე, ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობამდე უმრავლესობა არ აქვს, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, კვორუმის არარსებობის გამო სხდომის ჩატარება და ჯინჭარაძისთვის უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდება.2 

 

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა უნდა შეფასდეს, როგორც პარლამენტის პოლიტიკური მიზნებით უხეშად ჩარევა ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში, რაც ეწინააღმდეგება ეფექტიანი თვითმმართველობის იდეას, ადგილობრივ დონეზე კონსესუსზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნას და პლურალისტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას. 

 

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას საკანონდებლო ჩარევის ნაცვლად, ძალისხმევა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართოს და დემოკრატიული პროცესების ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.