საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები და მათი შეფასება
მოკლე შეჯამება
2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტმა, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და დარგის ექსპერტების ჩართულობის გარეშე, მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი. არსებითი ცვლილებების დიდი ნაწილი მორგებულია მმართველი პარტიის ვიწრო ინტერესებს და შეიცავს შემდეგ ძირითად პრობლემურ საკითხებს:
- საზღვარგარეთ ხმის მიცემის გაუქმება: საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნება, შესაბამისად, ემიგრანტებს წაერთვათ ხმის მიცემის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას.
- საარჩევნო ოლქების უთანაბრობა: მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების ზომები 2025 წლისთვის არსებული მდგომარეობით დაფიქსირდა. ეს იწვევს ამომრჩეველთა ხმების წონის მკვეთრ უთანასწორობას და არღვევს თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს.
- ვადების შემცირება: დამკვირვებლების, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაციის ბოლო ვადა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღის ნაცვლად კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე იქნება შესაძლებელი, რაც ორგანიზაციებს მნიშვნელოვან ტექნიკურ/ლოჯისტიკურ პრობლემებს შეუქმნის.
- საარჩევნო უბნიდან გაძევების გამკაცრებული წესი: საარჩევნო უბნიდან გაძევებულ პირს აეკრძალება იმავე დღეს ნებისმიერ სხვა უბანზე შესვლა (გარდა ხმის მიცემისა). იქმნება „გაძევებულთა ელექტრონული ბაზა“. არსებობს რისკი, რომ ეს მექანიზმი დამკვირვებლების წინააღმდეგ ბოროტად გამოიყენონ.
- ამომრჩევლის ბარათების გაუქმება: საარჩევნო კომისიას აღარ აქვს ვალდებულება, დაარიგოს საინფორმაციო ბარათები. ეს პრობლემას უქმნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ინტერნეტთან/ტექნოლოგიებთან წვდომა არ აქვთ.
- პარტიების მიერ უპარტიო კანდიდატების წარდგენის აკრძალვა: პარტიებს აეკრძალათ ისეთი კანდიდატების წარდგენა, რომლებიც არ არიან ამავე პარტიის წევრები.
- საჩივრებზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება: საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს მიენიჭათ უფლება, საჩივრები კოლეგიური განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად დატოვონ განუხილველად.
- აუდიომონიტორინგის აკრძალვა: საარჩევნო უბანზე აიკრძალა აუდიომონიტორინგი, რამაც შეიძლება გაართულოს დარღვევების შესახებ მტკიცებების მოგროვება და დოკუმენტირებ.
2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსი და მისგან გამომდინარე ცვლილებები შემდეგ სამართლებრივ აქტებში: საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, საარჩევნო კოდექსში, 2011 წლის 27 დეკემბრის, ანუ მისი მიღების შემდეგ სხვადასხვა დროს, განხორციელდა დაახლოებით 100-მდე ცვლილება და მოქმედი რედაქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობოდა გარდამავალ დებულებებს, რომლებიც თავისი შინაარსით ძალადაკარგული იყო. შესაბამისად, ავტორთა მტკიცებით, საჭირო გახდა ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება და წარდგენილი კანონპროექტის მიზანი ორგანულ კანონში შესაბამისი ნორმების დახვეწა, რიგი პროცედურების დაზუსტება, ერთგვაროვანი ნორმების სისტემატიზაცია და მათი აღქმის გამარტივება იყო.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალ საარჩევნო კოდექსში ტექნიკური სახის ცვლილებებსა და ნორმების სისტემატიზებასთან ერთად, ფუნდამენტური ცვლილებებიც განხორციელდა, რომლებმაც რამდენიმე მიმართულებით არსებითად შეცვალა მანამდე მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგება. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (შემდგომში - „სამართლიანი არჩევნები“) წინამდებარე დოკუმენტში მიმოიხილავს და აფასებს ახალი საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებს.
1. ცვლილებების მიღების პროცესი
ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება საჭიროებს პროცესში შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და გონივრულ ვადებს. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვეულ პრაქტიკად იქცა, როდესაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის დარგის სპეციალისტებთან, ყოველგვარი ფორმალური კონსულტაციების გარეშე, სრულიად ექსკლუზიური პროცესის შედეგად მიიღება. როგორც წესი, მსგავსი ცვლილებები „ქართული ოცნების“ ვიწროპარტიულ ინტერესებს არის მორგებული. საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმებაც ამ ტენდენციას მიჰყვება.
საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ 9 დეპუტატმა 2025 წლის 12 ნოემბერს წარადგინა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები არ გამართულა. საპარლამენტო განხილვების დროს კი პროცესში არ ყოფილა ჩართული არც ერთი ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია თუ დარგის ექსპერტი.
2. ძირითადი ცვლილებების აღწერა და შეფასება
2.1. საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება
ახალი საარჩევნო კოდექსით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა გაუქმდა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. ცვლილების ერთ-ერთ არგუმენტად მოცემული სპეციალური საარჩევნო ღონისძიების არასავალდებულო ხასიათი დასახელდა.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უფლებათა ტრადიციული განმარტებები არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2005 წლის რეზოლუციის თანახმად, საარჩევნო უფლებები წარმოადგენს დემოკრატიული ლეგიტიმურობისა და პოლიტიკური პროცესის წარმომადგენლობითი ხასიათის საფუძველს, რომლებიც უნდა განვითარდეს თანამედროვე საზოგადოებების პროგრესის შესაბამისად ინკლუზიური დემოკრატიისკენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხედვით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ეფექტური, თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო უფლებების მინიჭებას მოქალაქეთა რაც შეიძლება მეტი რაოდენობისთვის, მათ შორის, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებას. ასამბლეის რეკომენდაციით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხმის მიცემის უფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მისცენ საზღვარგარეთ მცხოვრებ თავიანთ მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება ეროვნულ არჩევნებში და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ასეთი ხმის მიცემის უფლების განხორციელებას.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია მოუწოდებს სახელმწიფოებს, მოქალაქეთა ევროპული მობილობის გათვალისწინებით და გარკვეული სახელმწიფოების კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლების მიმართ პოზიტიური მიდგომა ჰქონდეთ, რადგან ეს უფლება ხელს უწყობს ეროვნული და ევროპული მოქალაქეობის განვითარებას.
თანამედროვე საზოგადოებებში გავრცელებულია საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებებით სარგებლობის ფართო შესაძლებლობა, რისთვისაც სახელმწიფოები სპეციალურ ღონისძიებებს მიმართავენ. ორგანიზაცია International IDEA-ის მონაცემების თანახმად, საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობას საკუთარ მოქალაქეებს 150-ზე მეტი ქვეყანა ანიჭებს. მათ შორისაა ევროპის საბჭოს წევრი თითქმის ყველა სახელმწიფო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში საზღვარგარეთ ხმის მიცემის დაშვების მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება და გარდა პერსონალური ხმის მიცემისა (ქვეყნების 42%), დანერგილია კენჭისყრის სხვა ფორმებიც, მათ შორის საფოსტო (20%) და ელექტრონული (6%) ხმის მიცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება ეწინააღმდეგება კარგ საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკასა და გლობალურ ტენდენციებს და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არჩევნების საყოველთაობის პრინციპის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ვიწროპარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი. საგულისხმოა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში ამომრჩეველთა დაახლოებით 13%-ის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული საერთო-ეროვნული შედეგებით, ამ პარტიას დაახლოებით 54%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
2.2. საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის რეგულირება
ახალ საარჩევნო კოდექსში საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის მარეგულირებელი ნორმები, ძირითადად, ერთ თავში გაერთიანდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისთვის ერთმანდატიანი ოლქების შექმნის საფუძველსა და ვადებს. კერძოდ, 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს საკრებულოების არჩევნებისთვის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნა, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით, არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა დაევალათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსიდან ამოღებული იქნა საკრებულოს შემადგენლობის განმსაზღვრელი ნორმა და საარჩევნო ოლქების გამოყოფის წესი, რომლებიც უშვებდა თვითმმართველი თემების წარმომადგენლობით ორგანოებში მაჟორიტარული ადგილების რაოდენობისა და ერთმანდატიანი ოლქების საზღვრების ცვალებადობას, შესაბამის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების მოდიფიცირებისა და თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრში ამომრჩეველთა რაოდენობის ცვლილების შესაბამისად. 2024 წლის მიწურულს მიღებული ამ წესების ნაცვლად, საარჩევნო კოდექსის შესაბამის მუხლს ამჯერად დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ცესკო (ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნებისთვის) და საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ და ქმნიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს განსაზღვრული ერთმანდატიანი ოლქების მდგომარეობით.[1]
2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის განსაზღვრული ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების უცვლელად შენარჩუნება ყოველი მომდევნო მუნიციპალური არჩევნებისთვის არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ევროპული საარჩევნო სტანდარტებით, საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ თანასწორი საარჩევნო უფლების ფუნდამენტურ პრინციპს, რადგანაც 2025 წელს საარჩევნო კომისიების მიერ შესაბამის მუნიციპალიტეტში შექმნილ ადგილობრივ ერთმანდატიან ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა მკვეთრად უთანასწოროდ განაწილდა, რითაც თანაბარი ხმის უფლება უხეშად ირღვევა. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველ თემებში 2025 წელს შექმნილი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების 82%-ში შესაბამისი მუნიციპალიტეტის ერთი ოლქის ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობიდან გადახრა 15%-ზე მაღალია (იხილეთ დიაგრამა 1 და სურათი 1). ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის მიხედვით, განაწილების დადგენილი კრიტერიუმიდან მაქსიმალური დასაშვები გადახრა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე, თუმცა იგი იშვიათად უნდა სცილდებოდეს 10%-ს და არასოდეს არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისებისა. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ერთმანდატიანი ოლქების უკანასკნელი მოწყობა საქართველოში არათუ არ ექცევა დასაშვებ ნორმაში, ოლქების უთანაბრობა მუნიციპალიტეტების დიდ უმრავლესობაში სცდება კრიტიკულ ზღვარს და ნორმიდან რამდენიმე ასეული პროცენტით გადახრამდეც აღწევს.

დიაგრამა 1. ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობიდან გადახრა თვითმმართველი თემების ერთმანდატიან ოლქებში
შენიშვნა: გადახრები გაანგარიშებულია თითოეული მუნიციპალიტეტის ოლქებში 2025 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით.
ოლქების ამგვარი უთანაბრობის პირობებში ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უფრო მსხვილ საარჩევნო ოლქებში, უთანასწორო მდგომარეობაში არიან მცირერიცხოვან საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემთხვევაში არათანაბარი საარჩევნო ოლქების არსებობა, რაც ამომრჩევლების დიფერენცირებას იწვევდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს არაკონსტიტუციურად ცნო. ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის მიხედვით, ხმის თანაბრობის მოთხოვნა ვრცელდება როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებზეც. ამდენად, საარჩევნო კოდექსში ამ უფლების დარღვევა ანტიკონსტიტუციურად უნდა იქნას მიჩნეული.

სურათი 1. მუნიციპალიტეტების ერთმანდატიან ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის საშუალო რაოდენობიდან გადახრის საერთო დიაპაზონი
2.3. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის დაწესებული ვადების ცვლილება
ახალი საარჩევნო კოდექსით შემცირდა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დამკვირვებლთა დარეგისტრირებისათვის განცხადების წარდგენის ვადა. თუ აქამდე ორგანიზაციებს განცხადებების წარდგენა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღემდე შეეძლოთ, ახლა ეს ვადა არა უგვიანეს მე-10 დღემდე შემცირდა. ანალოგურად, შეიცვალა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განცხადების წარდგენის ვადა და ისიც კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 5 დღიდან 10 დღემდე შემცირდა. იდენტური ვადა დაწესდა საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენლების დანიშვნის, გამოწვევისა და შეცვლისათვის. კერძოდ, თუ აქამდე ეს ვადა კენჭისყრის დღის წინა და კენჭისყრის დღემდე იყო, ეხლა ეს ვადა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღემდე შემცირდა.
„სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, აღნიშნული ვადების შემცირება ყველა სახის ორგანიზაციას აიძულებს, ნაადრევად დაასრულოს არჩევნებზე დასაკვირვებლად თუ გასაშუქებლად ადამიანური რესურსების მობილიზება. რაც შეზღუდავს მათს ოპერაციულ/ლოჯისტიკურ მოქნილობას, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებისთვის მზადება საკმაოდ დინამიკური პროცესია და ადამიანთა მობილიზება და ჩანაცვლება ხშირად ბოლო ეტაპამდე მიმდინარეობს ხოლმე. ვადების შემცირება ამ პროცესში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, იზრდება რისკები იმისა, რომ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებზე და დამკვირვებლებზე ზეწოლის შემთხვევაში მათი დროული ჩანაცვლება ვეღარ მოხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის დასაბუთებული, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ვადების შემცირება.
2.4. კენჭისყრის შენობიდან გაძევება
ახალი საარჩევნო კოდექსით შეიცვალა კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები, კერძოდ, კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალა ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს შესაბამისი პირების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას.
უფრო კონკრეტულად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო. ამ შემთხვევაში გაძევებულ პირს ეკრძალება კენჭისყრის დღეს შევიდეს/იმყოფებოდეს ნებისმიერ საარჩევნო უბანში/კენჭისყრის შენობაში, გარდა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემთხვევისა. გაძევებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აწარმოებს გაძევებულ პირთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზას.
„სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილება არაპროპორციულად და არაგონივრულად ზღუდავს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებებს და საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, ამ სადამსჯელო ბერკეტის ბოროტად გამოყენების დიდი რისკი არსებობს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებზე განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო უბნიდან გაძევების, მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს, როგორც კომისიის წევრების, ისე „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლების/კოორდინატორებისა და ცრუ დამკვირვებლების მხრიდან. საყურადღებოა ის გარემოება, რომ დამკვირვებლებს, ხშირ შემთხვევაში, არ მიეცათ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობაც. იყო შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლები გააძევეს კენჭისყრის შენობიდან დარღვევის აღმოჩენის/აღმოფხვრის მოთხოვნით მიმართვის გამო. ზოგიერთ შემთხვევაში კომისიამ არ დაუშვა დამკვირვებელი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესზე დასაკვირვებლად. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრები და პარტიის წარმომადგენლები/კოორდინატორები გამოხატავდნენ აგრესიას და მტრულ დამოკიდებულებას დამკვირვებლების მიმართ.
2.5. ამომრჩეველთა ბარათების დარიგების ვალდებულების გაუქმება
ახალი საარჩევნო კოდექსიდან ამოღებულ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩევლის ბარათების[2] დარიგების ვალდებულება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებიდან და ამომრჩეველთა ინფორმირების საშუალებების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა ბარათების მეშვეობით ამომრჩეველთა ინფორმირება აღარ წარმოადგენს აუცილებლობას. „სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილება პრობლემური შეიძლება იყოს კონკრეტულ ჯგუფებთან მიმართებით, კერძოდ, მათთვის, ვისაც შეზღუდული აქვს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინტერნეტ-რესურსებზე, იქნება ეს ინტერნეტის არასაკმარისი დაფარვისა თუ ციფრული უნარების არქონის გამო. მსგავს პირობებში, განსაკუთრებით საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის ცვლილებისას, ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას შექმნის ამომრჩევლისათვის, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საარჩევნო უფლების სრულფასოვან რეალიზებას.
2.6. პოლიტიკური პარტიების მიერ უპარტიო კანდიდატების წარდგენის აკრძალვა
ახალი საარჩევნო კოდექსით პოლიტიკურ პარტიებს აეკრძალათ საარჩევნო კანდიდატად ისეთი პირის ნომინირება, რომელიც მოცემული პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ არის. ახალი კოდექსის ამოქმედებამდე პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატად ნებისმიერი პირის დასახელება შეეძლოთ, რომელიც სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ იყო. ცვლილება შეეხო როგორც საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიების წარდგენას, ისე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების, აგრეთვე პარტიული სიების შემადგენლობის რეგისტრაციას.
რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიულ სიასთან/კანდიდატურასთან ერთად, საარჩევნო კომისიას/კომისიის თავმჯდომარეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა წარუდგინოს კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადიც, რომელშიც მითითებული უნდა იყოს რომ კანდიდატი იმ პარტიის წევრია, რომლის პარტიული სიითაც არის წარდგენილი. კანდიდატის მიერ რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვა პარტიის დატოვების შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა არ შესრულდება, კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.
2.7. საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
საარჩევნო კოდექსის ძველი რედაქციით, ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენდა კანონით დადგენილი წესით არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე განცხადებების/საჩივრების განხილვა, მათ შორის შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ახალი საარჩევნო კოდექსით, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, კოლეგიური, ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ერთობლივი შესწავლისა და განხილვის ნაცვლად, ერთპიროვნულად -კომისიის თავმჯდომარეს აძლევს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა განახორციელოს, კანონპროექტში დასაბუთებული არ არის აღნიშნული საკითხის თავმჯდომარის უფლებამოსილებად განსაზღვრის საჭიროება.
კომისიის თავმჯდომარეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის საკითხების ერთპიროვნულად განხილვის პრაქტიკა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ კრიტიკულად შეაფასა. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში შესული საჩივრების უმეტესობა ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა განიხილეს, რაც ამ ორგანოების კოლეგიურ ხასიათს ასუსტებდა და გამჭვირვალობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა. კენჭისყრის დღემდე საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილი 231 საჩივრიდან მხოლოდ 25 (11%) განიხილეს საჯარო სხდომებზე.
2.8. საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღებისას აუდიტომონიტორინგის აკრძალვა
ახალ საარჩევნო კოდექსში ჩაიწერა, რომ საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღება არ გულისხმობს აუდიომონიტორინგს, რასაც კანონპროექტის ინიციატორები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანს უკავშირებენდნენ. თუმცა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში დასაბუთებული არ იყო აუდიომონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში, რა დამატებითი რისკები არსებობს პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების კუთხით. გარდა ამისა, ბუნდოვანია, თუ რა იგულისხმება აუდიომონიტორინგში, ასევე ის, თუ როგორ უნდა გაიმიჯნოს ის ვიდეომონიტორინგისგან და როგორ უნდა გაკონტროლდეს ეს პროცესი.
საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილებით რეგულირდებოდა. რომლის მიხედვითაც, განსაზღვრული იყო ფოტო-ვიდეო გადაღების იმგვარად განხორციელება, რომ არ მომხდარიყო პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავება. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეეძლოთ, ეწარმოებინათ ფოტო-ვიდეო გადაღება, მათ შორის აუდიომონიტორინგის თანხლებით, კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აუდიომონიტორინგი, რიგ შემთხვევებში, წარმოადგენს დარღვევის დოკუმენტირების გადამწყვეტ მეთოდს, რომლის არარსებობის პირობებში შეუძლებელი ხდება ბევრი სახის საარჩევნო დარღვევის სანდო ფიქსაცია და შემდგომი გასაჩივრება. პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით განხორციელებული ცვლილება შეიძლება იქცეს სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის ინსტრუმენტად, რაც შეამცირებს მათ მიერ მტკიცებულების მოგროვების შესაძლებლობას.
[1] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 144. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა
[2] ამომრჩეველთა ბარათში მითითებული იყო: კენჭისყრის თარიღი და დრო, კენჭისყრის შენობის მისამართი (სართული და ოთახის ნომრებით), ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში, საარჩევნო უბნის ნომერი, ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და რეგისტრაციის ადგილი.