პოლიტიკის დოკუმენტები

რა საფრთხეებს შეიცავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, წინასაარჩევნო ბლოკების აკრძალვის პირობებში, 5%-იანი ბარიერის გამოყენება?

2021 წლის 19 აპრილს საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით, შეთანხმებას „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ მოაწერეს ხელი, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ამბიციურ საარჩევნო რეფორმას ითვალისწინებდა.  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსში, შეთანხმების შესაბამისად, ცვლილებები შევიდა. საქართველოს პარლამენტის არჩევნების გამართვის წესთან დაკავშირებით კი 2021 წლის ივლისში მომზადდა კონსტიტიციური ცვლილების პროექტი, თუმცა მისი ბედი ამ დრომდე გადაუწყვეტელი რჩება. აღნიშნული პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა დაკომპლექტდეს 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების გამართვის შემთხვევაშიც. საარჩევნო ბარიერად კი მომდევნო ორი არჩევნებისთვის, 5%-ის ნაცვლად, 2% უნდა განისაზღვროს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებებამდე, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, განსაზღვრულ 5%-იან ბარიერს პოლიტიკური პარტიებისთვის კიდევ უფრო დიდ წინაღობად აქცევს ის ფაქტი, რომ, უკანასკნელი არჩევნებისგან განსხვავებით, 2024 წლიდან მათ საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობაც აღარ ექნებათ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მანამდე მოქმედ პარალელური ტიპის შერეულ სისტემასთან შედარებით, მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია. საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის მოთხოვნას წარმოადგენდა, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც. ამასთან, 2024 წლის არჩევნებისთვის, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან ერთად, მაღალი დონის ბარიერის შემოღება, საარჩევნო ბლოკების აკრძალვასთან ერთად, აჩენს რისკებს ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი წილის დაკარგვასთან, არჩევნების შედეგების არაპროპორციულობის მკვეთრად ზრდასა და საპარლამენტო პარტიების რაოდენობის დაბალ ნიშნულამდე შემცირებასთან დაკავშირებით. წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს იმ რისკებსა  და გამოწვევებს, რასაც არსებული  წესის შესაბამისად არჩევნების ჩატარება წარმოშობს და  ასაბუთებს დაგეგმილი ცვლილების უახლოეს ვადებში მიღების აუცილებლობას.