პრესრელიზები

კონფერენცია „ციფრული საარჩევნო კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები საქართველოში“

22 ივნისს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) გამართა კონფერენცია „ციფრული საარჩევნო კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები საქართველოში“.  

ღონისძიების მსვლელობისას ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის სამი ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც შემდეგ საკითხებს მიმოიხილავს:

  • საარჩევნო კამპანია სოციალურ მედიაში;
  • პროპაგანდისტული ნარატივები Facebook-ზე;
  • პოლიტიკური პარტიების კამპანია Facebook-ზე.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სოციალური მედია პოლიტიკური აქტორების მხრიდან ინტენსიურად გამოიყენებოდა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. ვხვდებოდით როგორც ოფიციალურ კამპანიებს, ასევე ინფორმაციის მანიპულაციის ტაქტიკებს, ღირებულებებზე დაფუძნებულ ნარატივებს, პოლიტიკური მიზნით დეზინფორმაციის გავრცელებას, ანონიმურ მადისკრედიტირებელ კამპანიებს და ა.შ. სამართლიანი არჩევნები სოციალური მედიის მონიტორინგს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც გააგრძელებს და საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური პარტიები სოციალურ ქსელებს საარჩევნო მიზნებისთვის“, - განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

კონფერენციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დეგნანმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ჰუბერტ ქნირშმა და ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ანდრიუს კალინდრამ. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ როგორც დიპლომატიური კორპუსის, ასევე პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.