საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსების ანალიზი
2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილის ბოიკოტის პირობებში ჩატარდა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ გაანალიზა ოფიციალური საარჩევნო კამპანიის შემოსავლებისა და ხარჯების განაწილება, რომელიც ეფუძნება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილ საბოლოო ფინანსურ ანგარიშებს და მოიცავს 2025 წლის 5 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს.
- შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ოფიციალური საარჩევნო კამპანიის პერიოდში ჯამურად 16 473 270 ლარის ფაქტობრივი შემოსავალი მიიღო, საიდანაც 57% (9 380 507 ლარი) ერთ პარტიაზე - „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა. სხვა პოლიტიკური პარტიებიდან კონკურენტუნარიანი შემოსავლების ოდენობით მხოლოდ „ლელო“ გამოირჩეოდა, რომელმაც საარჩევნო კამპანიის ფონდში 6 578 052 ლარის ფაქტობრივი შემოსავლის მიღება შეძლო.
- სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში პოლიტიკური პარტიებისთვის გამოყოფილი თანხის დაახლოებით 80% (1 525 066 ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 20% (391 028 ლარი) მხოლოდ ორ პოლიტიკურ გაერთიანებაზე - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა“ და „გირჩზე“ - ნაწილდებოდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ფინანსურ უთანასწორობას.
- „ქართულმა ოცნებამ“ გარე რეკლამებზე 3 660 596 ლარის ფაქტობრივი ხარჯი გასწია, რაც ყველა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ამ ტიპის რეკლამებზე დახარჯული თანხის 80%-ზე მეტს შეადგენდა.
- „ქართულ ოცნებას“, რომელიც მიღებული უფასო საეთერო დროით დომინანტური უპირატესობით სარგებლობდა, ფასიანი სატელევიზიო რეკლამის განსათავსებლად ხარჯი არ გაუწევია. მისგან განსხვავებით, „ლელომ“, რომელმაც უფასო საეთერო დრო „ქართული ოცნების“ მიერ 2021 წელს შეცვლილი კანონის საფუძველზე დაკარგა, რეკლამისთვის განკუთვნილი თანხების უმეტესი ნაწილი - 58% - სწორედ სატელევიზიო რეკლამებზე დახარჯა.
დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ