ახალგაზრდების პროტესტად გასაღებული „ქართული ოცნების“ აქცია
2025 წლის 12 ივნისს პოლონეთის სეიმში მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობს, რათა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს ან შეეზღუდოს, რის მიზეზადაც მან ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და მიგრაციასთან დაკავშირებული წუხილები დაასახელა. აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან ტუსკისა და პოლონეთის მთავრობის საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელება მოჰყვა. მეორე დღეს, 13 ივნისს, კი პოლონეთის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქცია გაიმართა. თუმცა აქცია, რომლის მოთხოვნაც იყო, ბოდიში მოეხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც საქართველოს მტრად და „დიფ სთეითის“ მეგობრად გამოცხადდა, პროპაგანდისტულმა მედიამ მოქალაქეთა პროტესტად წარმოაჩინა (იხ. ცხრილი). გზავნილები აქტიურად გავრცელდა სოციალურ მედიაშიც, როგორც „მოქალაქეთა პროტესტი“.
„ქართული ოცნება“, რომელსაც სურს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდაჭერის ილუზიის შექმნა, პერიოდულად მიმართავს პროპაგანდის შემდეგ მეთოდს: იგი პროპაგანდისტული მედიის მეშვეობით ქმნის ბუნებრივად წარმოქმნილი პროტესტის სიმულაციას - პარტიის ახალგაზრდული ფრთის მობილიზებით მართავს საპროტესტო აქციას, თითქოს ეს დამოუკიდებელი მოქალაქეების სპონტანური გამოხმაურებაა. აქციის შინაარსი ემთხვევა პარტიის დღის წესრიგს, ლოზუნგები კარგად გათვლილია, ხოლო მონაწილეები მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან პარტიულ სტრუქტურებთან. პროპაგანდისტული მედია ამგვარ აქციას აშუქებს, როგორც საზოგადოებრივ გაღიზიანებაზე დაფუძნებულ მოვლენას. აქცენტი კეთდება „შეშფოთებულ მოქალაქეებზე“, „გაბრაზებულ ახალგაზრდებზე“ და როგორც ტელევიზიით, ისე სოციალური მედიით ვრცელდება მათი გზავნილები, როგორც „მოქალაქეთა გამოხმაურება“.
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების აქცია პროპაგანდისტული მედიის მსგავსად გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. 12 საათიან გამოშვებაში წამყვანმა აქციას სტუდენტების ორგანიზებული უწოდა, ტიტრებში კი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სტუდენტებად იყვნენ მოხსენიებული.
სქრინშოტი „პირველი არხის“ ვებგვერდიდან, 13.06.2025
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც პროპაგანდისტულმა მედიამ დამოუკიდებელ მოქალაქეებად წარმოაჩინა
ვაჟა კოკაია
პროპაგანდისტულმა მედიამ აქციის დამოუკიდებელ მონაწილედ წარმოაჩინა „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ვაჟა კოკაია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად ტელეკომპანია „იმედს“ წარსულში არაერთხელ გაუშუქებია კოკაია მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის სტატუსით, მათ შორის პირდაპირ ეთერშიც. ვაჟა კოკაია 2024 წლის 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე“, პარტიის ლიდერებთან - ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, კახა კალაძესთან და შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიტყვითაც წარდგა.
სქრინშოტი ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქგვერდიდან, 13.06.2025
13.06.2025 სქრინშოტი ტელეკომპანია „იმედის“ ვებვერდიდან, 29.04.2024
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციამდე ერთი დღით ადრე, 2025 წლის 12 ივნისს, დონალდ ტუსკის წინააღმდეგ ფეისბუქზე განცხადებები რეკლამის სახით გავრცელდა. მათ შორის, ვაჟა კოკაია ტუსკის განცხადებას საკუთარ ფეისბუქპროფილზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტით გამოეხმაურა. იმავე დღეს აღნიშნული სტატუსი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კუთვნილ ფეისბუქგვერდზე ქარდის სახით გამოქვეყნდა. ამავე გვერდზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების პასუხად კიდევ ორი პოსტი, გიორგი ჩაკვეტაძის და ერეკლე გაგნიძის ციტატები გამოქვეყნდა. ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით აღნიშნული პოსტები გამოქვეყნებიდან მალევე დასპონსორდა.
სქრინშოტი ვაჟა კოკაიას ფეისბუქპროფილიდან, 12.06.2025
სქრინშოტი მეტას რეკლამების ბიბლიოთეკიდან - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეკლამა ფეისბუქზე, 13.06.2025
გიორგი შუკვანი
გიორგი შუკვანი, რომელიც პროპაგანდისტული მედიის მიერ აქციის მონაწილედ არის მოხსენიებული, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია. შუკვანის პარტიასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც იძებნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს გიორგი შუკვანი მონაწილეობდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის (ე.წ. „რუსული კანონის“ ) პოზიტიურად წარმოჩენის მიზნით თბილისში ბანერების გაკვრაში, ასევე, იმ სტუდენტებზე თავდასხმაში, რომლებიც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას მართავდნენ და 2022 წელს პროევროპული აქციის მხარდამჭერი კამპანიის ხელშეშლაში.
სქრინშოტი ტელეკომპანია „იმედის“ ვებვერდიდან, 13.06.2025
სქრინშოტი ტელეკომპანია „იმედის“ ვებვერდიდან, 08.06.2024
13 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ციტატით ქარდები პროპაგანდისტული მედიების ფეისბუქგვერდებზეც გამოქვეყნდა. არცერთ მასალაში გიორგი შუკვანის პარტიულ კუთვნილებაზე ინფორმაცია არ იყო მითითებული. ის აქციის მონაწილედ იყო პოზიციონირებული „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზე გამოქვეყენბულ სტატიაშიც.
„იმედისა“ და „პოს ტვ“-ის ფეისბუქგვერდებზე განთავსებული ქარდები, 13.06.2025
სქრინშოტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვებვერდიდან, 13.06.2025
ვატო ბუცხრიკიძე
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მაყურებელს სტუდენტად წარუდგინა ვატო ბუცხრიკიძე, რომელიც, მის ფეისბუქპროფილზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ საჯარო ფეისბუქჯგუფებში იძებნება ვატო ბუცხრიკიძისა და ვახტანგ გომელაურის ფოტო, რომელიც ჯგუფში ბუცხრიკიძემ მას შემდეგ განათავსა, რაც გომელაურმა 2025 წლის 28 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. პოლონეთის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ აქციაზე ბუცხრიკიძეს ეკავა პოსტერი წარწერით „პოლონელი ხალხი - ჩვენი მეგობარი! პოლონეთის პრემიერი - დიფ სთეითის მეგობარი!“.
სქრინშოტი „პირველი არხის“ ვებვერდიდან, 13.06.2025
ვატო ბუცხრიკიძის ფეისბუქპროფილის სქრინშოტი
ვატო ბუცხრიკიძის პოსტი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ჯგუფში, ფოტო შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად, 28.05.2025
მარიამ მჭედლიძე
პროპაგანდისტულმა მედიამ აქციის მონაწილედ მოიხსენია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მარიამ მჭედლიძეც. მჭედლიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელ კამპანიებში ჯერ კიდევ 2024 წლის საარჩევნო პერიოდში იყო ჩართული. საპარლამენტო არჩევნების დღეს „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვანმა, გიორგი მიქელაძემ, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ორგანიზაცია „სირცხვილია“ რამდენიმე წევრმა დატოვა - მათ შორის იყო მარიამ მჭედლიძე. მოგვიანებით, ორგანიზაციამ ოფიციალურად უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მჭედლიძე ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა.
არჩევნების შემდგომ პერიოდში „აჭარის ტელევიზიასა“ და „იმედთან“ ინტერვიუებში მარიამ მჭედლიძე „სირცხვილიას“ მადისკრედიტირებელ კამპანიას აგრძელებდა.
სქრინშოტი ტელეკომპანია „იმედის“ ვებვერდიდან, 13.06.2025
სქრინშოტი ტელეკომპანია „იმედის“ ვებვერდიდან, 26.10.2024
მარიამ მჭედლიძის ფოტო
რუსეთის მაგალითი: ბუნებრივი აქციის სიმულაცია მმართველი რეჟიმის მიერ
დამოუკიდებელი მოქალაქეების სახელით, მმართველი რეჟიმის დისკურსის ხელოვნურად აქტუალიზება და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერის ინსცენირება გავრცელებული პრაქტიკაა რუსეთში. მაგალითად, 2021 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდა პუტინის მხარდამჭერი „ფლეშმობების” ვიდეოებს, რასაც სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლების სპონტანურ აქციად წარმოაჩენდა. როგორც დამოუკიდებელმა მედია „მედუზამ“ გაარკვია, რეგიონებში ვიდეოგადაღება სინამდვილეში ორგანიზებული იყო პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთის“ ადგილობრივი წევრების, თანამდებობის პირებისა და მხარდამჭერი ბიზნესმენების მიერ ფედერალური ხელმძღვანელობის დავალებით.
საგულისხმოა, რომ რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელი აქციის სიმულირებისთვის სატელიტ ორგანიზაციებსაც იყენებდა. მაგალითად, 2012 წლის თებერვალში მოსკოვში, ბალოტნაიას მოედანზე, ანტისამთავრობო მიტინგების მიმდინარეობის პარალელურად, რუსეთის 21 რეგიონში პუტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. „სიმბოლურია, რომ აქცია არა პოლიტიკური ორგანიზაციის, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული და ჩატარებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამჟამინდელი მთავრობის კურსს ფართო სპექტრი უჭერს მხარს“ - აცხადებდა „ერთიანი რუსეთის“ რეგიონული პოლიტიკური საბჭოს მდივანი, ანატოლი ტიხომიროვი, აქციის შედეგების კომენტირებისას.
პუტინის რეჟიმის მიერ დადგმული აქციები რუსეთის საზღვრებსაც სცდება. მაგალითად, 2023 წელს „ლე მონდმა“, ორგანიზაცია „დოსიეს ცენტრთან“ და რამდენიმე ევროპულ მედიასაშუალებასთან პარტნიორობით, ევროპის რამდენიმე ქალაქში ათეული ყალბი დემონსტრაცია გამოავლინა. იდენტური წარწერა - „შეწყვიტეთ უკრაინაში იარაღის გაგზავნა! ზელენსკი დონეცკსა და ლუგანსკს ბომბავს!“ დატანილი იყო ორ პლაკატზე, რომელთაგან ერთი ფრიალებდა ჰააგაში 2023 წლის 28 იანვარს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე, ხოლო მეორე პარიზში - იმავე წლის 11 თებერვალს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის დროს. სქემა ასე გამოიყურებოდა - სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი იღებდა საკუთარ თავს უკრაინის ან ნატოს საწინააღმდეგო პლაკატებით ხელში და შემდეგ ფოტოებს აქტიურად ავრცელებდა სოციალური მედიის პლატფორმებზე. მათ უკან სრულიად განსხვავებული მიზნით მისული დემონსტრანტების სიმრავლე ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი შეკრება პლაკატებზე მოცემულ მოთხოვნებს უკავშირდებოდა. რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შიდა დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, „ლე მონდმა“ დაადასტურა, რომ რუსეთი ამ ოპერაციებს კოორდინაციას უწევდა.
___
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებითი უფლებაა. თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მედეგობა, ერთმანეთისგან გაარჩიოს რეალური პროტესტი და დადგმული პოლიტიკური წარმოდგენა, რათა გამოხატვის თავისუფლება არ იქნას გამოყენებული იმგვარი ინფორმაციული მანიპულაციებისთვის, რომელთა მიზანი მოქალაქეთა რეალური პროტესტის ჩახშობაა.