სოციალური მედიის მონიტორინგი

მანიპულაციური კამპანია Facebook-ზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

ფეისბუქზე საარჩევნო პროცესების კვალდაკვალ ორგანიზებულად გააქტიურდნენ ან/და იქმნებიან ანონიმური გვერდები და ყალბი ანგარიშები, რომლებიც ზიანის მომტან ინფორმაციას ათავსებენ და ჯგუფებში კოორდინირებულად ავრცელებენ. ისინი ცდილობენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო ქაოსის შექმნას და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

 

როგორც წესი, გვერდები ერთი პირის ან ჯგუფის მიერ იმართება, განთავსებულ მასალებს კი შემდგომ ყალბი ანგარიშები ავრცელებენ. გვერდების კოორდინაციაზე მიუთითებს მათი მიზანმიმართული კამპანია, პოსტების ვიზუალური მსგავსება და პოსტების გავრცელებისას და/ან მათზე კომენტარების დაწერისას ერთი და იგივე არაავთენტური ანგარიშების მობილიზება.

აღნიშნული მავნე აქტორები ორმაგ საინფორმაციო ოპერაციას აწარმოებენ. ერთ შემთხვევაში, ამ გვერდებზე ვრცელდება დისკრედიტაციული პოსტები სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ, რაც ძირითადად მათი მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკას მოსდევს. პოსტების მიზანია დესტრუქციულად წარმოაჩინოს ყველა, ვინც საარჩევნო ადმინისტრაციას აკრიტიკებს. აღნიშნულ გვერდებზე მომართული საეჭვო ანგარიშები პოსტებს მრავალათასიან საჯარო ჯგუფებში ავრცელებენ და აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარებით ცდილობენ ნარატივის განმტკიცებას. მეორე შემთხვევაში, იგივე კოორდინირებული გვერდები და  არაავთენტური ანგარიშები ჩართულები არიან ცესკოს შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში.

 

თითოეული დეზინფორმაციული პოსტი უკვე არსებული ფაქტის ჰიპერობოლიზებას წარმოადგენს. მაგალითად, ბელარუსის ცესკოს საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შემდეგ, ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ ცესკომ დამკვირვებლად სირიის საარჩევნო კომისია მოიწვია, რომლის განსამტკიცებლად გვერდზე გამოქვეყნდა ცესკოს თავმჯდომარის გაყალბებული ბრძანება, სირიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მისი ორი წევრის მოწვევის შესახებ.

იმას, რომ ცესკოს შესახებ ცრუ კრიტიკის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, ადასტურებს არაავთენტური ანგარიშების ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის პოსტები და კომენტარები. ეს ანგარიშები, ერთი მხრივ, მათ პოსტებში საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერას გამოხატავენ, ხოლო, მეორე მხრივ, ადმინისტრაციის შესახებ ჰიპერბოლიზებულ დეზინფორმაციულ პოსტებს მრავალათასიან, ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა ჯგუფებში ავრცელებენ.

აღნიშნულ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების დიდი ნაწილი ემსახურება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ ნდობის შერყევას. გვერდების თავდასხმის ობიექტი ძირითადად „სამართლიანი არჩევნები“ ხდება, თუმცა ანონიმური დისკრედიტაციის სამიზნედ იქცევა ყველა ორგანიზაცია, რომელიც რაიმე ფორმით აკრიტიკებს ცესკოს ან მმართველ პარტიას. ISFED-თან დაკავშირებით გამოყენებულია შეურაცხმყოფელი სექსისტური თავდასხმები მისი ქალი თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ. ხუთივე გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარები ერთი და იგივე არაავთენტური ანგარიშების სახელით იწერება და შემდეგ  ჯგუფებში გეგმაზომიერად ვრცელდება. 

 

სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის გარდა თვალშისაცემია დაგეგმილი, ქაოსის შემქნელი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიღმა, მისი დეზინფორმაციის სამიზნედ წარმოჩენასაც ემსახურება.

 

საგულისხმოა, რომ ყალბი ანგარიშები, რომლებიც ცესკოს შესახებ დეზინფორმაციულ პოსტებს ავრცელებენ, პარალელურად, ცესკოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ინტერაქციაში შედიან ნამდვილ მომხმარებლებთანაც, მხარდაჭერას უცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციას და თავს ესხმიან კრიტიკული მოსაზრებების მქონე მომხმარებლებს. ცესკოს ფეისბუქ გვერდზე აღნიშნული არაავთენტური ანგარიშების უკან მდგომი პირების მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერა და მისი ნებისმიერი სახის კრიტიკის ჩახშობაა. ანგარიშები, ცესკოს მხარდაჭერის პარალელურად, ოპოზიციის მიერ დანიშნულ წევრებსაც ლანძღავენ. მათი დიდი ნაწილი ახალი გააქტიურებულია (აგვისტო - სექტემბერი). მათი პროფილების საჯარო აქტივობა მიუთითებს, რომ მათ ორგანული აქტივობა არ აქვთ. ანგარიშები ქართული გვარ-სახელებით არის რეგისტრირებული, თუმცა პროფილის ფოტოები ძირითადად რუსული სოციალური მედიის პლატფორმების, ან ინსტაგრამის მომხმარებლებს ეკუთვნით.

 

არაავთენტური ქცევის მაგალითი: ანგარიშის ''Gogi Areshidze'' ურთიერთსაპირისპირო კომენტარები ცესკოსა და ანონიმურ გვერდებზე

 

 

  • არაავთენტური ანგარიშების დიდი ნაწილი ახალი შექმნილია - აგვისტო-სექტემბერში

 

  • მათ ორგანული, ბუნებრივი აქტივობა არ აქვთ

 

  • ანგარიშები ქართული გვარ-სახელებით არის რეგისტრირებული, თუმცა პროფილის ფოტოები ძირითადად რუსული სოციალური მედიის პლატფორმების, ან ინსტაგრამის მომხმარებლებს ეკუთვნით.

აღნიშნულმა გვერდებმა პროვოკაციის მიზნით ოთხი დეზინფორმაციული პოსტი გაავრცელეს. 17 სექტემბერს გვერდმა “Provocateurs”  გამოაქვეყნა პოსტი, რომ თითქოს ცესკოს წევრები რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებზე დასაკვირვებლად მიემგზავრებოდნენ და საზოგადოებას აღშფოთების გამოხატვისა და რეაგირებისკენ მოუწოდა. 22 სექტემბერს, იგივე ვიზუალით და ფორმით დეზინფორმაციული პოსტი გამოქვეყნდა ფეისბუქ გვერდზე „ძალა სიმართლეშია“, რომლის მიხედვით ცესკომ აორთქლებდი მარკირების სითხე შეისყიდა და ამ სითხეს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის გამოიყენებდნენ (ამ პოსტის მიზანია დაამკვიდროს აზრი, რომ ცესკო „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საარჩევნო „კარუსელებს“ გეგმავს). 26 და 27 სექტემებრს, გვერდმა „ნამდვილი ცესკო ვართ ჩვენ ვართ“ მსგავსი ვიზუალით გამოაქვყენა ორი პოსტი. ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის გაყალბებულ ბრძანებას მოიცავდა მეორე კი, თითქოს ზვიად კუპრავას ციტირებდა. აღნიშნული პოსტები არაავთენტური ანგარიშების მიერ მასიურად გავრცელდა სხვადასხვა ჯგუფებში, მათ შორის მედიისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა ჯგუფებში. დეზინფორმაციული პოსტების მიზანი ჯგუფებში გაწევრიანებული ამომრჩევლის პროვოცირება, გაღიზიანება და საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო პროცედურების მიმართ ნდობის შერყევაა. მათი აქტივობიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ პროვოცირების მიზანი ასევე, ოპოზიცური პარტიების მხარდამჭერების დესტრუქციულად წარმოჩენაა. მოგვიანებით ცესკოს ფეისბუქის გვერდზე დაიდო ინფორმაცია სწორედ ამ პროვოკაციული გზავნილების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო საარჩევნო კომისიის მხრიდან, იმის მტკიცებას, რომ ცესკო დეზინფორმაციის სამიზნე ხდება.

„სამართლიანი არჩევნები“ სოციალური მედიის მონიტორინგის პირველ ანგარიშში წერდა, რომ ანონიმურ გვერდებზე გამოყენებული ანგარიშების უმრავლესობა არაავთენტურია, მაგალითად:

მალხაზი გოგოხიას სახელით მოქმედი პროფილი ფოტოს იპარავს ბელარუსის მოქალაქე ვიტალი ვინინისგან.

Archil Zedginidze - ფოტოს იპარავს ერთ-ერთი ბლოგერისგან.

Kato Barbakadze-ს სახელით მოქმედი ანგარიში ფოტოს იპარავს რუსეთს მოქალაქე სვეტლანა არტემოვასგან.

Lali Pataraia-ს სახელით მოქმედი ანგარიში ფოტოს იპარავს რუსეთის, კრასნომოიარსკის მკვიდრის - ნატალია აგრელოვასგან.

Ирма Абашидзе - ს სახელით მოქმედი ანგარიში ფოტოს იპარავს სვეტლანა ჟმაკინასგან.  

კოორდინირებულ ანონიმურ გვერდებზე არჩევნების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია, არაავთენტური ანგარიშების მიერ ქაოტური და არაათანმიმდევრული გამოხმაურებები მიუთითებს, რომ საქმე მიზანმიმართულ საინფორმაციო კამპანიასთან გვაქვს. 

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კამპანიის მიზანია, ხელოვნურად შექმნას ისეთი ფონი, თითქოს არჩევნებთან დაკავშირებით აბსურდული დეზინფორმაციული ბრალდებები ვრცელდება, და ამით ობიექტური კრიტიკა გადაიფაროს. ამ კამპანიის უკან მდგომი პირები საინფორმაციო ქაოსის შექმნას, ამომრჩეველთა დაბნევასა და კრიტიკული მოსაზრებების დისკრედიტაციას ცდილობენ.

 

სტატია განახლდა: 28.09.2021, 17:46

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიან არჩევნებსდა შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.