სოციალური მედიის მონიტორინგი

ნაციონალისტურ და რელიგიურ ღირებულებებს ამოფარებული პოლიტიკური კამპანია

ეკატერინე ჯანიაშვილი, ჯუბო ბერიძიშვილი

ფეისბუქზე ფარულად მოქმედებს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ანონიმური გვერდი, რომლებიც, ძირითადად, რელიგიური ან ნაციონალისტური შინაარსის პოსტებს ავრცელებენ, მათი მთავარი მიზანი კი ოპოზიციური პარტიების და კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია, ხოლო ხელისუფლების მხარდასაჭერი კამპანიის წარმოებაა. გვერდების ტაქტიკა მსგავსია - ღირებულებითი ხასიათის პოსტებს გამომწერების მოზიდვისა და მომხმარებლების ნდობის მოპოვების მიზნით აქვეყნებენ, პოლიტიკური შინაარსის პოსტებს კი ასპონსორებენ.

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, გვერდებზე დასპონსორებული პოსტები Giorgi Beridze-ს სახელით ქვეყნდება და ყველა მათგანი პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავს. ბერიძის სახელით 2020 წლის 30 სექტემბერს რეკლამა გავრცელდა გვერდზეც “ჩვენ გვიყვარს მიშა”, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ მოქმედი შენიღბული პროპაგანდისტული შინაარსის, ცრუ მხარდაჭერის გვერდია.

-----

-----

კოორდინირებულად მოქმედი ხუთი გვერდიდან ოთხი - “მამული, ენა, სარწმუნოება”, “უფლის რწმენა გადაგვარჩენს”, “მე ქრისტიანი ვარ” და “ქართული გენი უკვდავია” - ერთ დღეს, 2020 წლის 8 იანვარს შეიქმნა. წინასაარჩევნოდ, ამავე წლის 6 ოქტომბერს, გააქტიურდა გვერდიც “დავით გარეჯი საქართველოა”. შექმნის დღიდან გვერდების ჯამური ინტერაქცია 117 729,6-ია, გამომწერების ჯამური რაოდენობა 5 999,6, ხოლო ვიდეოების ნახვის რაოდენობა 872 996,2.

-----

-----

გვერდი “ქართული გენი უკვდავია”, ძირითადად, ნაციონალისტური, კულტურასთან, რელიგიასა და ქართველ ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული პოსტებით გამოირჩევა, თუმცა პერიოდულად, ანტიოპოზიციურ პოსტებსაც აქვეყნებს. 

ნაციონალისტური და რელიგიური შინაარსი აქვს გვერდს “მამული, ენა, სარწმუნოება”, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერ რეკლამებსაც აქვეყნებს.

ფეისბუქ გვერდი “დავით გარეჯი საქართველოა” ამჟამად აღარ აქტიურობს, ბოლო პოსტი 2021 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა. გვერდის მთავარი დანიშნულება გარეჯის თემაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციაა. ამ მიზნის მისაღწევად კი პოსტების შინაარსში ნაციონალისტური გზავნილებს ამოფარებულია. რეკლამების ბიბლიოთეკაში ვხვდებით გვერდის მიერ აღნიშნულ თემაზე დასპონსორებულ 3 პოსტსაც.

გვერდი „უფლის რწმენა გადაგვარჩენს“ ცდილობს, რელიგიური მასალა პოლიტიკურ მოვლენებს მიუსადაგოს. ღირებულებებითი მანიპულაციის მიზნით, ხშირად იყენებს პატრიარქის ფოტოს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი სათაურებით და ასპონსორებს პოსტებს, რომლებიც “ქართული ოცნების” ლიდერების ეკლესიურ ცხოვრებაზე მიუთითებს. მსგავსი ტაქტიკით ასევე მოქმედებს გვერდი “მე ქრისტიანი ვარ”

საერთო ტაქტიკებისა და შექმნის დროის დამთხვევის მიუხედავად, გვერდები არ აქვეყნებენ ერთსა და იმავე პოსტებს, რაც შენიღბული მოქმედების ნაწილად შეიძლება, მივიჩნიოთ. თუმცა, მათ კავშირზე მიუთითებს ისიც, რომ გამოქვეყნებული პოლიტიკური პოსტების უმრავლესობას მსგავსი დიზაინი აქვს. კერძოდ, პოლიტიკური შინაარსის მადისკრედიტირებელ პოსტებში, ძირითადად, წარწერები ან ფოტოები წითელ ფონზე გვხვდება.

-----

 

-----

-----

კოორდინირებული გვერდების გზავნილები

გიორგი ბერიძის სახელით  ფეისბუქ მომხმარებლების საინფორმაციო მანიპულაციისთვის, გვერდების მოქმედების მთავარი საერთო ტაქტიკა ოპოზიციური ლიდერების “ეკლესიასთან მებრძოლებად”, ხოლო მმართველი გუნდის ეკლესიის მხარდამჭერებად წარმოჩენაა.

-----

-----

გამოქვეყნებულ პოსტებში, გვერდები ასახელებენ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ეკლესია ან ეკლესიის წარმომადგენელი გააკრიტიკეს, პოსტებს პატრიარქის ან სასულიერო პირების ფოტოებს ურთავენ და მრევლს, გაზიარებით, მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

დისკრედიტაციის ძირითადი სამიზნე ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“. გვერდები მათ „სექტანტებად“, „ავ სულებად“ და „ეკლესიის დამანგრევლებად“ მოიხსენიებენ, გაკეთებული განცხადებების გამო, რომლებსაც ხშირად არ ციტირებენ, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინტერპრეტაციებს იშველიებენ. მაგალითად, ერთ-ერთ მადისკრედიტირებელ პოსტში გვერდი „უფლის რწმენა გადაგვარჩენს“ ამბობს, რომ „ბოროტი პარტიის“ – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა იუბილარ ილია მეორეს შეურაცხყოფა მიაყენა და ვერც კი გაიმეორებს, რა უწოდა. პოსტს 6 000-მდე მოწონება და ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

-----

-----

ფარულად კოორდინირებული გვერდები, მადისკრედიტირებელი პოსტების შინაარსს, ხშირად, უკავშირებენ საეკლესიო დღესასწაულებს, საეკლესიო და ნაციონალური ავტორიტეტების დაბადების დღეებს, ეკლესიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და პოლიტიკურ მოვლენებს.

გვერდმა “ქართული გენი უკვდავია”, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის აღნიშვნის ფონზე, განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ ეროვნული გმირის სახელს ბოროტად იყენებს და მის ოჯახს დევნის.

-----

-----

“ევროპული საქართველოს” დისკრედიტაციისას, გვერდი “უფლის რწმენა გადაგვარჩენს” გიგი უგულავას ვიდეომასალას ავრცელებდა და პატრიარქთან კონფლიქტურ ურთიერთობაზე აპელირებდა, ხოლო თამარ ჩერგოლეიშვილის დისკრედიტაციას დასპონსორებული პოსტით ეწეოდა.

ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოების გარდა, გიორგი ბერიძის სახელით კოორდინირებული გვერდები აქტიურად ეწევიან პროსახელისუფლებო პროპაგანდას. თუ გვერდები ოპოზიციასა და ეკლესიას დაპირისპირებულ მხარეებად ხატავენ, ამ შემთხვევაში, ცდილობენ ხელისუფლებისა და ეკლესიის პოზიტიური ურთიერთობის წარმოჩენას, “ქართული ოცნების” ლიდერებს კი მორწმუნე, ეკლესიის ერთგულ პიროვნებებად ახასიათებენ.

გვერდებზე მხარდაჭერილ ლიდერებს შორის არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ივანიშვილის შემთხვევაში, ძირითადი ყურადღება მის ქველმოქმედებებზეა გამახვილებული, ღარიბაშვილის შემთხვევაში კი, ოპოზიციისა და მედიისგან ეკლესიის დამცველის როლზე.

-----

-----

მაგალითისთვის, ნაციონალისტური გვერდები “ქართული გენი უკვდავია” და “მამული, ენა, სარწმუნოება” კორონავირუსთან ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. რელიგიური გვერდი “უფლის რწმენა გადაგვარჩენს” კი ირაკლი ღარიბაშვილს “ეკლესიის უდიდეს გულშემატკივრად” წარმოაჩენდა.

ანონიმური გვერდების კოორდინირებულ მოქმედებაზე ისიც მიგვანიშნებს, რომ გვერდები მსგავსი ტაქტიკით ესხმიან თავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიასაშუალებებს.

-----

 

-----

ოპოზიციის წარმომადგენლების ეკლესიასთან დაპირისპირებასთან ერთად, გვერდებზე რელიგიასთან მებრძოლად წარმოაჩენენ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს და “მთავარი არხის”  და “ტვ პირველის” ჟურნალისტებს. ამგვარი შინაარის პოსტებს კი ხშირად არეკლამებენ.

-----

   

----- 

ჟურნალისტები გვერდებზე წარმოჩენილი არიან, ეკლესიის გარდა,  სხვა ავტორიტეტულ ინსტიტუტებსა (როგორიცაა, პოლიცია) და ტრადიციებთან თუ მორალთან მებრძოლებად. მაგალითად, “ტვ პირველსა” და “მთავარ არხს” კაზინოების რეკლამირებაში, მიშა მშვილდაძეს კი ილია ჭავჭავაძის რუსეთუმედ მოხსენიებაში ადანაშაულებდნენ. გვერდები “მამული, ენა, სარწმუნოება” და “ქართული გენი უკვდავია” ნოდარ მელაძესა და გიორგი გაბუნიას შავ ჟურნალისტებს უწოდებდნენ, რაც ცხადყოფს, რომ პოსტები ერთი ან ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანების მიერაა შექმნილი.

-----

 

-----

გვერდებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციის მთავარი თემა პერიოდულად დავითგარეჯის საკითხი იყო. თემა განსაკუთრებით, როგორც 2020 წლის არჩევნების წინ, ისე მელაშვილი-ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შემდეგ გააქტიურდა. გვერდები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, გარეჯის თემაზე აუდიტორიის მანიპულაციის მიზნით, სენსიტიური, ნაციონალისტური შინაარსის პოსტებს ავრცელებდნენ, პარალელურად კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტერიტორიის გაყიდვაში ადანაშაულებდნენ. წინასაარჩევნოდ აქ შეინიშნებოდა დასპონსორებული მადისკრედიტირებელი კამპანიაც.

-----

 

-----

აღსანიშნავია, რომ დავითგარეჯის  თემა არამხოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციისთვის, არამედ მმართველი გუნდის, კერძოდ კი მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიტიურ ჭრილში წარმოსაჩენად გამოიყენებოდა.

მიგნებებით დასტურდება, რომ გიორგი ბერიძის სახელით დარეკლამებული გვერდები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და შესაძლოა, ერთი პირისგან ან ჯგუფისგან იმართებოდნენ. აღნიშნული შენიღბული კამპანია მიუთითებს, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით, გარკვეული აქტორები ცდილობენ მოქალაქეების ეროვნული და რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პოლიტიკური დისკურსის არაჯანსაღ გარემოში წარმართვას.

 

„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიცია