პოლიტიკური რეკლამები Meta-ს პლატფორმებზე 2026 წლის მეორე 30 დღის განმავლობაში
„სამართლიანი არჩევნები“ აგრძელებს Meta-ს პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამების ყოველთვიურ მიმოხილვას. 2026 წლის 31 იანვრიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქზე, ინსტაგრამზე ან/და მესენჯერში საქართველოს აუდიტორიისთვის 246 გვერდის/ანგარიშის მიერ პოლიტიკური ან სოციალური შინაარსის მქონედ მონიშნული 3 769 რეკლამა განთავსდა. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ 141 779 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 61%-ით აღემატება მიმდინარე წლის პირველი 30 დღის სარეკლამო დანახარჯებს. ამ თანხის დაახლოებით 33% „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა დახარჯეს, 28% - პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა, დაახლოებით ამდენივე მთავრობამ და სახელმწიფო უწყებებმა, 3% - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა გაერთიანებებმა და პროპაგანდისტულმა გვერდებმა, ყველა სხვა გვერდზე განთავსებული რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ კი მთლიანი სარეკლამო დანახარჯების მხოლოდ 7% შეადგინა.

Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული რეკლამების 66% ქვემოთ მოცემულ 15 ფეისბუქგვერდზე მოდიოდა. მათ შორის ყველაზე აქტიური „პოს ტვ“-ის ერთ-ერთი გვერდი -„POSTV News“ იყო. ამ გვერდზე რეკლამების აქტიურობის პერიოდში დღეში საშუალოდ 31 რეკლამა თავსდებოდა.

სარეკლამო დანახარჯებით ლიდერმა 15-მა გვერდმა მონიტორინგის პერიოდში მთლიანი ხარჯების 79% გასწია. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდების რეკლამებისთვის დაიხარჯა (თითოეულ გვერდზე - დაახლ. 18 ათასი აშშ დოლარი). 10 ათას აშშ დოლარზე მეტი სარეკლამო დანახარჯით ასევე გამოირჩეოდნენ ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის გვერდები.

„ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების რიცხვმა (1,463) მიმდინარე წლის მეორე 30 დღის განმავლობაში ყველა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობის 93% შეადგინა, ხოლო მათზე დახარჯული თანხის ოდენობამ (არანაკლებ 45,754 აშშ დოლარი) ქართული მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯების 97%-მდე მიაღწია. მათ შორის, „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ კუთვნილ გვერდებზე არასრულ ერთ თვეში 38 ათას აშშ დოლარამდე ღირებულების ათასამდე რეკლამა გამოაქვეყნეს, თუმცა ამ გვერდებზე რეკლამების მოქმედება მოცემული ტელეკომპანიების დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირების შემდეგ, 25 თებერვალს, შეწყდა.


პოლიტიკურ პარტიებს შორის კვლავ მკვეთრი დომინირებით ხასიათდებოდა „ქართული ოცნების“ სარეკლამო კამპანია. პარტიისა და მისი წარმომადგენელი პოლიტიკოსების გვერდებზე 31 იანვრიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში 40 ათასამდე აშშ დოლარის ღირებულების 500-ზე მეტი რეკლამა გამოქვეყნდა.

