„რუსოფობიის“ დისკურსი, როგორც კრემლის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ „რუსოფობიის“ დისკურსი გააქტიურდა. მათ შორის, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში ამ ტერმინის გამოყენებისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსოფობიისთვის „თავისი სახელის დარქმევა“ ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის ნაწილია, ხოლო ცნება „რუსოფობია“ თავად რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამასთან, კობახიძის შეფასებით, სწორედ „აგენტურას“ არ მოსწონს ტერმინი „რუსოფობია“ და მისი გამოყენება, რადგან, მისი თქმით, მათ სურთ არა რუსოფობიის, არამედ თავად ამ ცნების „მოკვლა“. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია, ჩანასახშივე მოკლას რუსოფობია. ამ განცხადების ფონზე, „რუსოფობიის“ ცნება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დისკურსის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცა. შესაბამისად, აქტუალურია იმის განხილვა, რას გულისხმობს ეს ტერმინი, რა ისტორიული და აკადემიური მნიშვნელობა აქვს მას და როგორ გამოიყენება იგი თანამედროვე პოლიტიკურ და საინფორმაციო დისკურსში.
ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის აღმოსავლეთ სტრატკომის მიხედვით, სარწმუნო არგუმენტების არარსებობის პირობებში, ტერმინი „რუსოფობია“ კრემლის მიერ ფართოდ გამოყენებულ იარლიყად ჩამოყალიბდა, რომლის საშუალებითაც იგი საკუთარი პოლიტიკისა და ქმედებების მიმართ გამოთქმული კრიტიკის უარყოფას ცდილობს. აღნიშნული ნარატივი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამგვარი მიდგომა რუსეთს მსხვერპლის როლში წარმოაჩენს და, ამავდროულად, მოსკოვის აგრესიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის საკითხს გვერდს უვლის. დამოუკიდებელი რუსულენოვანი ონლაინ გამოცემის - „მედუზას“ მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება არა მხოლოდ იყენებს „რუსოფობიის“ კონცეფციას პროპაგანდისტული მიზნებისთვის, არამედ ხელს უწყობს მის გავრცელებას.
დიაგრამა 1. რუსოფობიის ბრალდებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო კომუნიკაციაში (2000-2018)

წყარო: Neil Robinson (2019), “Russophobia” in Official Russian Political Discourse
შენიშვნა: მონაცემები წარმოდგენილია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე (www.mid.ru) 2000 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 17 სექტემბრამდე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
კრემლის პროპაგანდა ტერმინ „რუსოფობიას“ ქსენოფობიაზე გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობით იყენებს. რუსეთის პრეზიდენტის ვებსაიტზე (Kremlin.ru) გამოქვეყნებული ინფორმაციის შესწავლამ აჩვენა, რომ სიტყვა „რუსოფობია“ ვლადიმერ პუტინის გამოსვლაში პირველად 2014 წელს გაჩნდა. მას შემდეგ კრემლის წარმომადგენლების განცხადებებში ამ სიტყვის გამოყენება აქტიურად დაიწყო და „რუსოფობიად“ გამოცხადდა რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის, მათი შევიწროების, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევისა თუ ოპოზიციის დევნის გამო. კერძოდ:
- 2014 წლის 17 აპრილის ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მესამე ეტაპს ეხებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უწოდა „კოლექტიური რუსოფობიური ფსიქოზი, რომელიც ევროპარლამენტის მოქმედმა შემადგენლობამ განიცადა“.
- 2015 წელს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის ავტორებს, რომლებიც რუსეთს აგრესორად და მის მიერ ყირიმის ანექსიას „ოკუპაციად“ მოიხსენიებდნენ, „რუსოფობები“ უწოდა.
- 2016 წელს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, აშშ-ის პრეზიდენტის - ბარაკ ობამას კომენტარი პუტინის შესახებ, რომელმაც გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მედიის კონტროლისა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების გამო და იგი სადამ ჰუსეინს შეადარა, „აშკარა რუსოფობიად“ მოიხსენია.
- 2017 წელს პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი სუსტი ქვეყნების დაშინებას ცდილობს და განაცხადა: „რუსეთს არასდროს არავინ დაუშინებია, ის ყოველთვის საიმედო და პროგნოზირებადი პარტნიორი იყო, ის აბსოლუტურად ვერ იგებდა იმ ისტერიულ, ემოციურ, რუსოფობიურ ატმოსფეროს, რომელიც ხშირად გარედან თავს ეხვევა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს, იქნება ეს ბალტიისპირეთის ქვეყნები თუ აღმოსავლეთ ევროპა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების დამყარებით და გულწრფელად ვერ ვხვდებით, როდის ემორჩილებიან ისინი ამ ისტერიულ, რუსოფობიურ განწყობებს, რომლებიც ოსტატურად არის წახალისებული გარედან“.
- პესკოვმა 2019 წლის 12 მარტს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ოთხი კანონპროექტის დამტკიცება, რომელთაგან ერთ-ერთი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორს ავალდებულებდა, წარმოედგინა ექვსთვიანი ანგარიში ვლადიმერ პუტინის შემოსავლების შესახებ, „არამეგობრული, მძვინვარე რუსოფობიური ხაზის გაგრძელებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსოფობიის ინტენსივობა გაიზრდებოდა“.
2014 წლიდან 2019 წლამდე თავად ვლადიმერ პუტინმა სიტყვა „რუსოფობია“ საჯაროდ სულ მცირე 10-ჯერ გამოიყენა, რომელთაგან შვიდჯერ 2018 წელს. მათ შორის, პუტინმა დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის, იულია სკრიპალის, მოწამვლის შემდეგ რუსეთისთვის სანქციების დაწესება „პოლიტიზებულ რუსოფობიურ მიდგომად“ შეაფასა.
ამავე პერიოდში კრემლის წარმომადგენლების განცხადებები „რუსოფობიასთან“ დაკავშირებით გაკეთდა საქართველოს კონტექსტშიც. კერძოდ, 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციები რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა „რუსოფობიურ პროვოკაციად“ შეაფასა. იმავე წლის ივლისში ქართული ტელეარხის, „რუსთავი 2“-ის, ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის უხამსად მოხსენიებას კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „რუსოფობიის ნათელი მაგალითი“ უწოდა.
2024 წლიდან დღემდე „დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური პირებისა და ელიტის წარმომადგენლების მიერ რუსეთის შესახებ „სიძულვილის ენის“ გამოყენებით გაკეთებული განცხადებების მაგალითებად“ მიჩნეულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული 272 განცხადება, რომლებიც ეკუთვნით 25 ქვეყნის, აგრეთვე, ევროკავშირის, ნატოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს. იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ოფიციალური პირების განცხადებებიც „რუსოფობიის“ მაგალითებს შორის არის მოცემული, არიან: აშშ, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი და ხორვატია.
დიაგრამა 2. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსოფობიის მაგალითებად მოყვანილი განცხადებების რაოდენობა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიხედვით (2024 წლის იანვარი - 2026 წლის აგვისტო)


წყარო: www.mid.ru
ყველაზე ხშირად „რუსოფობიის მაგალითებად“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოჰყავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდეტისა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის - კაია კალასის განცხადებები, რომელსაც მოჰყვებიან ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - იან ლიპავსკი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი - ანჯეი დუდა, ნატოს გენერალური მდივანი - მარკ რუტე, საფრანგეთის პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონი და სხვა ოფიციალური პირები.
ცხრილი 1. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსოფობიის მაგალითებად მოყვანილი განცხადებების რაოდენობა ყველაზე ხშირად დასახელებული ოფიციალური პირების მიხედვით (2024 წლის იანვარი - 2026 წლის აგვისტო)
|
N |
ოფიციალური პირი |
განცხადებების რაოდენობა |
თანამდებობა |
|
1 |
კაია კალასი |
18 |
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდეტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი (2021-2024) |
|
2 |
იან ლიპავსკი |
13 |
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (2021-2025), ამჟამად ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის წევრი |
|
3 |
ანჯეი დუდა |
11 |
პოლონეთის პრეზიდენტი (2015-2025) |
|
4 |
მარკ რუტე |
11 |
ნატოს გენერალური მდივანი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი (2010-2024) |
|
5 |
ემანუელ მაკრონი |
10 |
საფრანგეთის პრეზიდენტი |
|
6 |
იენს სტოლტენბერგი |
8 |
ნატოს გენერალური მდივანი (2014-2024) |
|
7 |
კაროლ ნავროცკი |
8 |
პოლონეთის პრეზიდენტი |
|
8 |
მარგუს ცაჰკნა |
8 |
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი |
|
9 |
რადოსლავ სიკორსკი |
8 |
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი |
|
10 |
ჯოზეფ ბორელი |
7 |
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში (2019-2024) |
|
11 |
დონალდ ტუსკი |
6 |
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი |
|
12 |
ანალენა ბერბოკი |
5 |
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი (2021-2025), ამჟამად გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი |
|
13 |
ჰაჯა ლაჰბიბი |
5 |
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი (2022-2024), ამჟამად ევროკომისარი მზადყოფნისა და კრიზისების მართვის საკითხებში |
|
14 |
კესტუტის ბუდრისი |
5 |
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი |
|
15 |
კირიაკოს მიცოტაკისი |
5 |
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი |
|
16 |
პეტრ პაველი |
5 |
ჩეხეთის პრეზიდენტი |
|
17 |
სტეფან სეჟურნე |
5 |
საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი (2024), ამჟამად ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი კეთილდღეობისა და სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში |
|
18 |
ურსულა ფონ დერ ლაიენი |
5 |
ევროკომისიის პრეზიდენტი |
|
19 |
ალექსანდერ დე კროო |
4 |
ბელგიის პრემიერ-მინისტრი (2020-2025) |
|
20 |
ბაიბა ბრაჟე |
4 |
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი |
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებით, რუსოფობიად და სიძულვილის ენად ფასდება, ფაქტობრივად, რუსეთის ნებისმიერი კრიტიკა. მათ შორის, ასეთი განცხადებების მაგალითებად მოყვანილია დასავლელი ლიდერების შემდეგი ციტატები:
- ბელგიის თავდაცვისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი თეო ფრანკენი: „რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ მკაცრი წინააღმდეგობის გაწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის, რაც საფრანგეთმა გააკეთა და რასაც ახლა აშშ აკეთებს, კარგია. ნავთობით ვაჭრობა მოსკოვის აქილევსის ქუსლია. ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გარეშე ომი არ იქნებოდა.“ (გამოქვეყნდა X პლატფორმაზე, 2025 წლის 8 იანვარი);
- გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი: „როდესაც პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებული უკანონო ომის მეხუთე წელს შევდივართ, პუტინზე ზეწოლას ვაძლიერებთ - ვწყვეტთ მისი შეჭრის დამფინანსებელ ფინანსურ ნაკადებს და სამიზნედ ვიღებთ ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებს. ვამაყობ JEF-ში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი როლით, რადგან ერთად ვაძლიერებთ ძალისხმევას იმ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რომელთა წინაშეც ამ ახალ ეპოქაში ვდგავართ.“ (JEF-ის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე, 2026 წლის 11 მარტი);
- გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი: „შავი ზღვა, ბალტიის ზღვა და ჩრდილოეთი ატლანტის ოკეანე ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება გეოგრაფიითა და მახასიათებლებით. თუმცა, ყველა მათგანს ერთი და იგივე საფრთხე ემუქრება: რუსეთი. დღეს ეს საფრთხე შერჩევითად ან სპორადულად არ წარმოიქმნება. ის სანგრის მსგავსად გასდევს ევროპას, რუსეთის საზღვრის გასწვრივ, უკიდურეს ჩრდილოეთამდე. შავი ზღვიდან არქტიკამდე რუსეთი ცდილობს თავისი სავარაუდო ისტორიული პრეტენზიების დამკვიდრებას და გავლენის სფეროს შექმნას.“ (განცხადება კილის უსაფრთხოების კონფერენციაზე, 2026 წლის 19 ივნისი);
- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი: „ჩვენ პირველებმა დავასრულეთ ჩვენი შიდა პროცედურები ჰააგის სპეციალურ ტრიბუნალში გასაწევრიანებლად. უკვე დიდი ხანია დროა, გამოვავლინოთ დარჩენილი ომის დამნაშავეები კრემლში და მისი კედლების გარეთ და ისინი ჰააგაში წარვადგინოთ.“ (გამოქვეყნდა X პლატფორმაზე, 2026 წლის 12 მარტი);
- ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა: „პატივისცემა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მიმართ, რომელმაც ინგლისის არხში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის დაკავების ბრძანება გასცა. ყოჩაღ, სამეფო საზღვაო ქვეითებო, დღევანდელი ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის!“ (გამოქვეყნდა X პლატფორმაზე, 2026 წლის 14 ივნისი);
- ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბართ ეიდე: „რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ მისი მიზანია ევროპაში უსაფრთხოების სისტემის განადგურება. რუსეთი კვლავ წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის განმსაზღვრელ საფრთხეს.“ (ნორვეგიის საგარეო პოლიტიკის შესახებ მოხსენება სტორტინგში, 2026 წლის 3 მარტი);
- პოლონეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი: „რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგია განადიდებს კლეპტოკრატიას, რეპრესიებსა და დაპყრობას. ამიტომ სწორედ რუსეთს სჭირდება დერადიკალიზაცია.“ (კომენტარი X-ზე, 2025 წლის 16 დეკემბერი);
- რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი: „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთის გავლენამ დააზიანოს ის, რაც მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებმა აირჩიეს - ევროპული გზა.“ (გამოქვეყნდა X პლატფორმაზე, 2026 წლის 4 მაისი);
- ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო: „ევროპის საბჭოში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დავამტკიცეთ და შემდეგი პაკეტის მომზადება მიმდინარეობს. ჩვენ ვცდილობთ უფრო ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც, რათა შეიზღუდოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობა, რადგან სწორედ ასე აფინანსებს პუტინი თავის სამხედრო ბიუჯეტს, და მრავალი სხვა სამუშაოც მიმდინარეობს რუსეთის დასასუსტებლად და ამავდროულად უკრაინის გასაძლიერებლად.“ (განცხადება ფინეთის პარლამენტში დრონების საფრთხისა და ამ საკითხზე სახელმწიფოთაშორისი კოორდინაციის შესახებ დისკუსიისას, 2026 წლის 21 მაისი);
- საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: „ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. საჭიროა პროგრესი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის შეთანხმების მიმართულებით, რომლის განხილვაც უახლოეს დღეებში გაგრძელდება. საჭიროა ვიმუშაოთ რუსული ნავთობის ექსპორტისთვის საზღვაო მომსახურების სრულ აკრძალვაზე, გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა ე.წ. რუსული „ჩრდილოვანი“ ფლოტის წინააღმდეგ და ამ საკითხზე კოორდინაციის უმაღლეს დონეს მივაღწიოთ.“ (პრესკონფერენცია ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან, პარიზი, 2026 წლის 23 თებერვალი);
- ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა: „რუსეთზე ინტენსიური ზეწოლა უნდა განხორციელდეს. რუსეთის ეკონომიკა რეალურად არც ისე ძლიერია. თუ აშშ ახლა სრულად განახორციელებს „გრეჰემის სანქციების პაკეტს“ და დამატებით ევროპა მალე სანქციების მე-20 პაკეტსაც დაამატებს, ვფიქრობ, რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნება.“ (ინტერვიუ ERR-ის გამოცემასთან, 2026 წლის 8 იანვარი);
- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი: „დღეს ევროკავშირმა პირველი 10 მილიონი ევრო გამოყო ახალი სპეციალური ტრიბუნალისთვის, რომელმაც რუსეთის ლიდერები მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მათი როლისთვის უნდა გაასამართლოს. რუსეთის ლიდერები პასუხისმგებელნი არიან ამ ომზე და მათ პასუხი უნდა აგონ. დაუსჯელობა დაუშვებელია.“ (გამოქვეყნდა X პლატფორმაზე, 2026 წლის 22 იანვარი);
- NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე: „პუტინის საომარი მანქანა სამხედრო აღჭურვილობას მთელი დღე-ღამის განმავლობაში აწარმოებს, ხოლო მოსკოვი გვცდის საჰაერო სივრცის დარღვევებით, კიბერშეტევებით, დივერსიებითა და სხვა მოქმედებებით. და ეს მხოლოდ რუსეთი არ არის. ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა მოსკოვის ომს უკრაინის წინააღმდეგ ამარაგებენ. ეს ქვეყნები ჩვენთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადებიან.“ (ვიდეომიმართვა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავდაცვის შტაბების უფროსების დონეზე შეხვედრის მონაწილეებისადმი, ბრიუსელი, 2026 წლის 21 იანვარი).
მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსოფობიისა“ და „სიძულვილის ენის“ ცნებების გამოყენება არსებითად სცდება ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის ტერმინების რეალურ შინაარსს. ქსენოფობია გულისხმობს სხვა ქვეყნებიდან ან კულტურებიდან წარმოშობილი ადამიანების მიმართ ირაციონალურ შიშს ან სიძულვილს, რაც ხშირად დისკრიმინაციასა და სოციალურ გარიყვაში გამოიხატება. რასიზმის თანამედროვე ფორმების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის განმარტებით, ქსენოფობია არსებობს მაშინ, როდესაც „ინდივიდებს უარს ეუბნებიან თანაბარ უფლებებზე მათი რეალური ან აღქმული გეოგრაფიული წარმომავლობის, ან ასეთ ინდივიდებთან ან ჯგუფებთან დაკავშირებული ღირებულებების, რწმენებისა ან/და პრაქტიკის საფუძველზე, რომლებიც მათ უცხოებად ან გარედან მოსულებად წარმოაჩენს“. სიძულვილის ენად კი, კემბრიჯის ლექსიკონის მიხედვით, განისაზღვრება „საჯარო გამოსვლა, რომელიც გამოხატავს სიძულვილს ან ხელს უწყობს პირის ან ჯგუფის მიმართ ძალადობას ისეთი ნიშნების საფუძველზე, როგორიცაა რასა, რელიგია, სქესი ან სექსუალური ორიენტაცია“. ქსენოფობიად ან სიძულვილის ენად არ შეიძლება, მიჩნეულ იქნას რომელიმე სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა და საერთაშორისო სანქციები სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ომისა თუ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განცხადებები ძირითადად მიმართულია რუსეთის სახელმწიფოს, კრემლის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რუსეთის სამხედრო პოლიტიკის, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისა და რუსეთისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებისკენ და არა რუსი ხალხის, როგორც ეროვნული ან ეთნიკური ჯგუფის, წინააღმდეგ. ამ განცხადებებში არ იკვეთება ქსენოფობიისთვის დამახასიათებელი უცხოელთა მიმართ მტრული დამოკიდებულება, ეროვნული ან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მოწოდება, დეჰუმანიზაცია ან ძალადობის წახალისება. შესაბამისად, მათი „რუსოფობიად“ და „სიძულვილის ენად“ კვალიფიცირება მკაფიოდ მიუთითებს რუსეთის ოფიციალური საინფორმაციო დისკურსის ტენდენციაზე, რომლის ფარგლებშიც რუსეთის სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკის კრიტიკა განზრახ განიხილება და წარმოჩინდება როგორც რუსი ხალხის მიმართ სიძულვილი. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა, „რუსოფობიის“ ცნება გამოყენებულ იქნეს როგორც ფართო პოლიტიკური იარლიყი, რომლის მეშვეობითაც რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციები დისკრედიტირდება და კრიტიკა ეთნიკური ან ეროვნული შეუწყნარებლობის გამოვლინებად წარმოჩინდება.
EU VS Disinfo-ს შეფასებით, „თუ არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც მიუთითებს, რომ მედიასაშუალება აშკარად პროკრემლისტურია, ეს არის „რუსოფობია“. ისეთი მედიასაშუალებები, როგორიცაა RT, Sputnik და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია, ამ ტერმინს იყენებენ კრემლის პოლიტიკის თითქმის ნებისმიერი უცხოური კრიტიკის გასამართლებლად. დასავლური საზოგადოებების „რუსოფობიაში“ დადანაშაულებით, კრემლის მომხრე პროპაგანდისტული საშუალებები კრემლის პოლიტიკისა და ქმედებების კრიტიკას ირაციონალურს უწოდებენ.
„რუსოფობი“ კრემლის დისკურსში იდეოლოგიური მტრის სახეს იძენს, რაც საშუალებას იძლევა, პოლიტიკური საკითხები კატეგორიული და ემოციურად დატვირთული ფორმით წარმოჩინდეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კრემლის პროპაგანდა რუსოფობიაში ადანაშაულებს არა მხოლოდ დასავლური სახელმწიფოების წარმომადგენლებს, არამედ რუსეთის იმ მოქალაქეებსაც კი, რომლებიც აკრიტიკებენ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსოფობიის პროპაგანდისტული ნარატივის არსებობა არ გამორიცხავს ქსენოფობიის შემთხვევის არსებობას რუსეთის მოქალაქეების ან ეთნიკურად რუსების მიმართ. თუმცა, მაშინაც კი, თუ მათ მიმართ ქსენოფობიური ნიშნები აშკარაა, უმჯობესია, თავი ავარიდოთ ტერმინ „რუსოფობიის“ გამოყენებას, რომელსაც გააჩნია პროპაგანდისტული დატვირთვა და კრემლის მიერ აქტიურად გამოიყენება ქსენოფობიაზე გაცილებით ფართო მნიშვნელობით.