რუსული განათლების პოპულარიზაცია საქართველოში ცრუ მედიის ქსელის მეშვეობით
შესავალი
გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში, რუსეთის ფედერაცია აქტიურად მიმართავს ჰიბრიდულ ომს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სამხედრო ინსტრუმენტების გარდა, მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება საგანმანათლებლო და კულტურული გავლენის საშუალებების გამოყენებას. მათ შორის, განათლების სფერო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც მოიცავს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტებისათვის უფასოდ განათლების მიღების შეთავაზებას, ენისა და კულტურის პოპულარიზაციის პროგრამებს და გამოიყენება კრემლის პოლიტიკურ-იდეოლოგიური გავლენის ოპერაციის ინსტრუმენტად. ეს პროცესი მიზნად ისახავს გავლენის ხანგრძლივად შენარჩუნებას და რუსული პოლიტიკურ-ნარატიული სივრცის გაფართოებას.
წინამდებარე ანალიზი მიმოიხილავს სოციალურ ქსელებში მოქმედ ანონიმურ ცრუ მედიის ქსელს, რომელიც კოორდინირებულად ავრცელებს კონტენტს რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო განათლების შესაძლებლობების შესახებ. გამოვლენილი ქსელი სხვადასხვა პლატფორმაზე იყენებს იდენტურ ვიდეომასალას, ორენოვან კომუნიკაციასა და მედია ორგანიზაციის იმიტაციისთვის დამახასიათებელ ტაქტიკას. შინაარსობრივად, აღნიშნული აქტივობა თავსებადია რუსეთის ფედერაციის მიერ საგანმანათლებლო ინსტრუმენტების გამოყენების უფრო ფართო პრაქტიკასთან, რომელიც კულტურული და აკადემიური თანამშრომლობის ფარგლებს სცდება.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ანონიმურად მოქმედი ცრუ მედიის გვერდებისა და ანგარიშების აქტივობა, მათ შორის შინაარსის სინქრონული გავრცელება, თემატური თანხვედრა და დროითი კოორდინაცია, მიუთითებს მათ სავარაუდო კავშირზე თბილისში, შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციასთან.
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების უფასოდ სწავლის პროგრამა
რუსეთის ფედერალური მთავრობა ყოველწლიურად ადგენს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტებისათვის გამოყოფილ სახელმწიფო კვოტებს. იგი ითვალისწინებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უფასო სწავლას რუსულ სასწავლო პროგრამებზე, ყოველთვიურ სტიპენდიასა და საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას. შესარჩევი პროცესი ხორციელდება „როსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობების და რუსული დიპლომატიური სამსახურის მეშვეობით. საქართველოში ამ პროცესს შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ახორციელებს. ამასთან ერთად, აბიტურიენტთა შერჩევა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც რუსეთის ე.წ. საელჩოების მეშვეობით.
საქართველოს მოქალაქეები, ისევე, როგორც სხვა უცხოელი სტუდენტები, რუსეთის უნივერსიტეტებში ელექტრონულად შევსებული განაცხადების საფუძველზე, მისაღები გამოცდების გარეშე, ირიცხებიან. პროგრამა ასევე განკუთვნილია მოქალაქეობის არმქონე პირებისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის. პროგრამაში 600-ზე მეტი რუსული უნივერსიტეტი მონაწილეობს, რომელთაგან აპლიკანტებს ექვსამდე უმაღლესი სასწავლებლის რანგირებით შერჩევა შეუძლიათ. ამასთან, რუსეთში სწავლის მსურველებს შეუძლიათ, აირჩიონ არაუმეტეს ორი უნივერსიტეტისა მოსკოვში, არაუმეტეს ორი უნივერსიტეტისა სანქტ-პეტერბურგში და არაუმეტეს სამი უნივერსიტეტისა ერთ რეგიონში (ფედერალური ოლქი). განაცხადის შევსებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, აპლიკანტები გადიან ონლაინ გასაუბრებას (ზოგიერთ შემთხვევაში გათვალისწინებულია პირისპირ გასაუბრებაც). საბოლოო შერჩევის ეტაპს კი რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო და რუსეთის უნივერსიტეტები ატარებენ. პროგრამა ქართველ აბიტურიენტებს ასევე სთავაზობს უფასო რუსული ენის კურსებს მოსამზადებელ განყოფილებაში, სწავლის პერიოდში კი იგი უზრუნველყოფს როგორც საერთო საცხოვრებელში განთავსებას, ისე სტიპენდიის გაცემას.
საქართველოში რუსული განათლების პოპულარიზაციის მიზნით მოქმედი ანონიმური ცრუ მედიის ქსელი
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცრუ მედიის ტაქტიკით მოქმედი ანგარიშები და გვერდები აღმოაჩინა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უფასო სწავლის პოპულარიზაციას ეწევიან. ქსელში შემავალი ანგარიშები ორენოვანია და სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმებზე მოქმედებს. შვიდივე ანგარიშზე იდენტური ვიდეოები ვრცელდება. ქსელში შედის 2 ფეისბუქგვერდი (თბილისური საუბარი, Грузинский инсайт), 2 ინსტაგრამ გვერდი (tbilisi_talk, Грузинский инсайт), 2 იუთუბ არხი (თბილისური საუბარი, Грузинский инсайт) და 1 ტიკტოკ არხი (tbilisi.talk). Meta-ს პლატფორმებზე (ფეისბუქსა და ინსტაგრამზე) ანგარიშები 2025 წლის 3 დეკემბერს შეიქმნა, ტიკტოკზე 4 დეკემბერს, იუთუბზე კი 27 დეკემბერს. სოციალური მედიის მონიტორინგის სხვადასხვა ინსტრუმენტის მონაცემებით, ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტიკტოკის გვერდები და ანგარიშები საქართველოდან იმართება 1 ანგარიშის მიერ. ისინი ცრუ მედიის ტიპის გვერდებისთვის დამახასიათებელი ტაქტიკით, აღწერილობაში მითითებული ინფორმაციით სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავს მედია ორგანიზაციად აცნობენ.
ქსელის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები ორივე, ქართულ და რუსულ, ენაზე იდენტურია. წინადადებებში სიტყვების წყობა და სხვა გრამატიკული ასპექტები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ტექსტების ნაწილი თავდაპირველად რუსულ ენაზე დაიწერა და შემდეგ ითარგმნა ქართულად. 2026 წლის 1 თებერვლისთვის ქსელმა 184 ვიდეო შექმნა, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმაზე ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნდა.
ქსელის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების შინაარსი მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად, ანგარიშებზე საქართველოს მიმდინარე სიახლეები ხვდებოდა. ვიდეოების მნიშვნელოვანი ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხებოდა. ანგარიშები აქტიურად აშუქებდნენ ქართველი სპორტსმენების მიღწევებს, განსაკუთრებით, ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატს, სადაც საქართველოს სახელით რუსი ათლეტები მონაწილეობდნენ.
მიუხედავად ვიდეოების მრავალფეროვნებისა, ქსელის ძირითად ხაზს რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ზოგადად, რუსეთში სწავლის პოპულარიზაცია წარმოადგენს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პირველი ვიდეო 14 იანვარს გამოქვეყნდა. ვიდეოში „სად მიდიან ქართველი სტუდენტები სასწავლებლად და რას სთავაზობენ მათ სხვადასხვა ქვეყნები?“ საუბარია იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად ირჩევენ სტუდენტები. ვიდეოში ევროპის პარალელურად, სტუდენტებისთვის მიმზიდველ შესაძლებლობად წარმოჩენილია რუსეთში უმაღლესი განათლება, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ადგილია გამოყოფილი და უფასო სწავლასთან ერთად, შესაძლებელია სტიპენდიისა და საცხოვრებლის მიღებაც. ქსელმა რუსეთში უფასო განათლების მიღებისა და უნივერსიტეტების შესახებ თითოეულ ანგარიშზე 15 ვიდეო გამოაქვეყნა. მათი უმრავლესობა რუსული უნივერსიტეტების პოპულარიზაციასა და იმ შესაძლებლობებს შეეხებოდა, რომლებსაც უცხოელ სტუდენტებს აძლევენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიდეოები, ძირითადად, ღია წყაროებიდან აღებული ვიდეოებისა და ფოტოებისგან არის შექმნილი.
ქსელში შემავალი არხები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის უნივერსიტეტებში გამოყოფილი კვოტისა და პროცედურების შესახებ, მათ შორის, რუსეთის მთავრობის შესაბამისი სააგენტოს ბმულს. ანგარიშებმა გამოაქვეყნეს, მათი მტკიცებით, პიატიგორსკის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტის ორი ვიდეო, რომლებშიც ის რუსეთში განათლების მიღების უპირატესობებსა და უფასო საერთო საცხოვრებელში შექმნილი პირობების შესახებ საუბრობდა.

რუსული განათლების პოპულარიზაციის მნიშვნელოვან ხაზს წარმოადგენდა ქართველი მწერლების, პოეტების, მეცნიერებისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების რუსეთთან კავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მაგალითად, ალექსანდრე ყაზბეგისა და გიორგი ელიავას შესახებ მომზადებულ მოკლე ვიდეოებში მათ მიერ განათლების რუსეთში მიღებაზე იყო აქცენტი გაკეთებული. ლადო ასათიანზე მოკლე ვიდეოში მოყვანილი იყო ფაქტი, რომ პირველი ლექსი მას გაზეთმა „სტალინელმა“ გამოუქვეყნა, მსახიობ მიხეილ გელოვანის მთავარ მიღწევად კი მის მიერ სტალინის როლის თამაში იყო წარმოჩენილი. ქსელმა გაავრცელა ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ვიდეოც, რომელშიც მის მიერ საქართველოს ეროვნული საგანძურის შენარჩუნებისთვის გაწეულ ღვაწლზე იყო მოთხრობილი, თუმცა აღნიშნულ ვიდეოში არსად იყო ნახსენები რუსეთი და ის მიზეზები, რის გამოც მას ემიგრაციაში წასვლა მოუწია.
ანონიმურად მოქმედ ცრუ მედიის გვერდებსა და ანგარიშებზე დაკვირვების შედეგად იკვეთება, რომ ისინი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციასთან. ამას მოწმობს ერთი და იგივე საკითხისადმი მიძღვნილი კონტენტი, რომელიც თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში ანონიმურ გვერდებსა და ანგარიშებზეც ჩნდება. მაგალითად, იმავე დღეს, როდესაც რუსეთის ინტერესების სექციის ფეისბუქგვედზე რუდნის ოლიმპიადაზე რეგისტრაციის დაწყების შესახებ საინფორმაციო ქარდი გამოქვეყნდა, იდენტურ თემასთან დაკავშირებული ვიდეომასალა განთავსდა ცრუ მედიის გვერდებსა და ანგარიშებზეც.





მნახველთა აუდიტორიის გაფართოების მიზნით, რუსეთთან დაკავშირებული გვერდები, Meta-ს წესების დარღვევით, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკლამებსაც აქვეყნებენ, რომლებსაც განმათავსებლის შესახებ ინფორმაცია არ ახლავს. შედეგად, საზოგადოებისთვის უცნობია როგორც რეკლამების დამკვეთის ვინაობა, ისე დახარჯული თანხის ოდენობა. აღსანიშნავია, რომ გვერდი გამომწერთა რაოდენობის გასაზრდელად იყენებს არაპოლიტიკური შინაარსის ვიდეოს, რომელიც, ეძღვნება ძაღლს, სახელად კუპატა, რომელიც ქალაქ ბათუმში ზებრა გადასასვლელის გადაკვეთისას ბავშვებისთვის გაწეული დახმარებით გახდა საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი.

რუსეთის საგანმანათლებლო პროგრამები ჰიბრიდული ომის საერთაშორისო პრაქტიკაში: სხვა ქვეყნების მაგალითები
სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და საერთაშორისო კვლევითი გამოძიებები აჩვენებს, რომ რუსეთის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები სისტემურად გამოიყენება როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი, რომლის მიზანია ელიტებზე გრძელვადიანი გავლენის მოპოვება, პრორუსული ნარატივების ნორმალიზება და პოლიტიკურად მგრძნობიარე საზოგადოებებში რუსეთისადმი ლოიალური ჯგუფების ფორმირება.
უკრაინა
უკრაინაში რუსეთის სახელმწიფო საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები 2014 წლამდე აქტიურად გამოიყენებოდა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რეგიონებსა და ყირიმში, როგორც გავლენის შენარჩუნებისა და გაფართოების ინსტრუმენტი. უკრაინული ანალიტიკური ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების სფეროს მკვლევრების შეფასებით, „Rossotrudnichestvo“-სა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების საქმიანობა სცდებოდა კულტურულ დიპლომატიას და ემსახურებოდა პრორუსული იდენტობის გაძლიერებასა და „რუსული სამყაროს“ ნარატივის ნორმალიზებას. 2022 წლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ არაერთ ოფიციალურ და ანალიტიკურ დოკუმენტში მიუთითა, რომ საგანმანათლებლო პროგრამები გამოიყენებოდა უკრაინული სახელმწიფოებრიობის დელეგიტიმაციისთვის. აღნიშნული პრაქტიკა შეფასებულია, როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინულ საზოგადოებაზე გრძელვადიანი გავლენის მოხდენას.
ბალტიისპირეთი (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი)
ბალტიის ქვეყნებში რუსეთის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, მათ შორის გრანტები და სასწავლო შესაძლებლობები, უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციის კონტექსტში განიხილება როგორც კრემლის „რბილი ძალის“ სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტი. აღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვანწილად ფოკუსირებული იყო რუსულენოვან მოსახლეობასა და იმ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც იდენტობის საკითხების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტები, მათ შორის საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივები, ხელს უწყობს პოლიტიკური და ღირებულებითი ნარატივების გავრცელებას, რომლებიც შეიძლება ამცირებდეს ნატოსა და ევროკავშირის მიმართ ნდობას. ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების შეფასებებში ასეთი პრაქტიკა დაკავშირებულია საინფორმაციო და პოლიტიკური გავლენის რისკებთან. ამ კონტექსტში, რუსული საგანმანათლებლო აქტივობები განიხილება არა მხოლოდ კულტურული თანამშრომლობის, არამედ უსაფრთხოების გარემოზე ზემოქმედების უფრო ფართო პროცესის ნაწილად.
აფრიკის ქვეყნები
აფრიკის ქვეყნებში რუსეთის საგანმანათლებლო და კულტურული საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული კრემლის უფრო ფართო „რბილი ძალის“ სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური და საინფორმაციო გავლენის გაფართოებას. EUvsDisinfo-ს მიხედვით, რუსეთის ფედერალური სააგენტო Rossotrudnichestvo და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები აქტიურად იყენებენ უფასო განათლების შესაძლებლობებს, სტიპენდიებსა და რუსული ენის კურსებს, როგორც გავლენის ინსტრუმენტებს აფრიკის ქვეყნებში. აღნიშნული პროგრამები ხშირად მიმართულია ახალგაზრდობისა და იმ ჯგუფებისკენ, რომლებიც სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მოწყვლადნი არიან. საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივები გამოიყენება რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ნარატივების გასავრცელებლად და კრემლის პოლიტიკის პოზიტიურ კონტექსტში წარმოსაჩენად. ამ მიდგომა განიხილება როგორც რუსეთის გრძელვადიანი გავლენის შენარჩუნების ნაწილი, რომელიც აერთიანებს კულტურულ დიპლომატიას, საინფორმაციო აქტივობებსა და საგანმანათლებლო ინსტრუმენტებს.
დანართი. ცრუ მედიის ქსელში შემავალი გვერდები და ანგარიშები
|
პლატფორმა |
სახელი |
ბმული |
შექმნის თარიღი |
ენა |
ვიდეოების რაოდენობა |
გამომწერების რაოდენობა |
|
|
tbilisi_talk |
3.12.2025 |
Geo |
184 |
33 |
|
|
|
თბილისური საუბარი |
3.12.2025 |
Geo |
184 |
714 |
|
|
|
Грузинский инсайт |
3.12.2025 |
Rus |
184 |
47 |
|
|
|
Грузинский инсайт |
3.12.2025 |
Rus |
184 |
3085 |
|
|
TikTok |
tbilisi.talk |
4.12.2025 |
Geo |
185 |
385 |
|
|
YouTube |
თბილისური საუბარი |
27.12.2025 |
Geo |
148 |
5 |
|
|
YouTube |
Грузинский инсайт |
27.12.2025 |
Rus |
158 |
1 |