თვითმმართველობები

ISFED-მა ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გამართა

6 და 7 ოქტომბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ჩაატარა შეხვედრები, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები, ასევე დაინტერესებული პირები.

შეხვედრებზე განხილული იქნა საჯარო მოხელეთა უფლებები და მათი დაცვის სამართლებრივი გარანტიები. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურიდიული დახმარების მომსახურების შესახებ, რაც ითვალისწინებს საჯარო სამსახურში კონკურსებისა და ატესტაციის შედეგად, ასევე უკანონო გათავისუფლებისას დაზარალებულ პირთათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციას, დოკუმენტაციის მომზადებას და სასამართლოში წარმომადგენლობას.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოავლინეს დიდი დაინტერესება და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან საჯარო სამსახურში მოხელეთა უფლებების დაცვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს,  ასევე, ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი კონკურსების ჩატარება და კონკურსანტთა უფლებების დაცვა.

შეხვედრებზე განხილული იქნა, ასევე, საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმდინარეობა და მისი მნიშვნელობა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოქმედი სისტემის უარყოფითი მხარეების და სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების და პოლიტიკური პარტიების ხედვის შესახებ. მონაწილეთა დიდი ნაწილი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ არსებული საარჩევნო სისტემა პრობლემურია. ამასთან, გამოიკვეთა ის ტენდენცია, რომ ხშირ შემთხვევაში მაჟორიტარ დეპუტატს აღიქვამენ, როგორც პირს, რომელმაც ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები უნდა მოუგვაროს მოსახლეობას, რაც გამოწვეულია უმაღლესი საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციების არასწორი გაგებით.


აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის -„საჯარო მოხელეთა ულებების დაცვა პოლიტიკურად ნეიტრალური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვას, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურისა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა ჩამოყალიბებას.