ბლოგი

8 პროპაგანდისტული გზავნილი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ფეისბუქზე

 კრაინაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის პარალელურად, საქართველოში, სოციალურ მედიაში ანტიდასავლური და ნატოს მიმართ სკეპტიკური გზავნილები გააქტიურდა, რომელთა ავტორები საქართველოში კრემლის ინტერესების მხარდამჭერი ჯგუფები არიან. ალკეული გზავნილების გაჟღერებაში მათ ხმას ხელისუფლების მხარდამჭერი ის საჯარო პირებიც უწყობენ, რომლებიც საზოგადოებაში ექსპერტებად, ანალიტიკოსებად ან/და პოლიტოლოგებად პოზიციონირებენ.  

დღეს, ცივილური სამყარო ცდილობს წინ აღუდგეს კრემლის უკრაინაზე სამხედრო თავდასხმასა და ღია აგრესიას, რაც უკრაინის საზღვრებთან ასიათასზე მეტი სამხედრო პირის, მძიმე სამხედრო ტექნიკის მობილიზებაში, ჰიბრიდული ომის ელემენტების გაძლიერებასა და კიბერთავდასხმებში გამოიხატება. რუსეთი ითხოვს ნატოს გაფართოების პოლიტიკის შეცვლას, მათ შორის - უკრაინისა და საქართველოსთვის ალიანსის წევრობაზე უარის თქმას. ამ ფონზე, რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური ზეწოლის პარალელურად, დასავლელი პარტნიორები უკრაინას სამხედრო და ფინანსური რესურსებით აძლიერებენ. ნატოს ფარგლებში ძლიერდება აღმოსავლეთ ევროპის ფლანგი და ნათელია, რომ აშშ, ნატოსა და ევროკავშირთან ერთად,  უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. 

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ უკრაინის გარშემო მიმდინარე ვნებათაღელვა, ჯეროვან ადგილს ვერ იკავებს. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, საჯარო პოზიციის დაფიქსირებად, შესაძლოა, ჩაითვალოს პარლამენტის რამდენიმე წევრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ტვიტერზე გაკეთებული მოკლე კომენტარი, სადაც მათ რუსეთის ფედერაციის ხსენების გარეშე, ზოგადად გამოუცხადეს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სახელმწიფო სუვერენიტეტს. Ამ ფონზე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის არაერთი აქცია გაიმართა. ოპოზიციურმა პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მოამზადეს; რეზოლუციის ტექსტი მოამზადა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამაც“, თუმცა აღნიშნულ ვერსიაში „ქართული ოცნება“ რუსეთის ფედერაციას არ ახსენებს. მხარდამჭერ ტექსტთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიებს შორის უთანხმოების გამო, რეზოლუცია 1 თებერვალს მხოლოდ მმართველი პარტიის, “მოქალაქეებისა” და “ევროპული სოციალისტების” მხარდაჭერით იქნა მიღებული

ხელისუფლების ბუნდოვანი გზავნილების ფონზე, პრორუსულმა ჯგუფებმა - „ალტ-ინფომ“, მათმა თანამოაზრეებმა და საქართველოში კრემლის ინტერესების სხვა გამტარებლებმა, ანტიდასავლური და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილები გაააქტიურეს. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის 21 იანვარს „ალტ-ინფოს“, იგივე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებლებმა, სხვა პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რუსეთის დუმის დეპუტატებთან ტელეხიდი გამართეს, რომლის თემა, უკრაინის კრიზისის ფონზე, რუსულ-ქართული ურთიერთობები იყო. აღნიშნული ჯგუფები უკრაინის კრიზისს საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირებისა და რუსეთის მიერ ინიცირებულ საერთაშორისო ფორმატებში ჩართვის საჭიროების პროპაგანდისთვის იყენებდნენ. 

„სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა, ერთი მხრივ, პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ პრორუსულ ჯგუფებს, რომელთა დღის წესრიგში ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებაა. მეორე მხრივ, ორგანიზაციამ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმ ექსპერტების, ანალიტიკოსების და პოლიტოლოგების მოსაზრებებიც შეისწავლა, რომელთა მესიჯები, როგორც წესი, ემთხვევა მმართველი პარტიის ხედვას, გზავნილებს და საინფორმაციო პოლიტიკას და რომელთა ანალიტიკური შეფასებები ყველაზე სადავო მოვლენების პარალელურად აქტიურდება ხოლმე. აღნიშნული ექსპერტები მიმდინარე მოვლენების შესახებ აზრს ძირითადად ფეისბუქის პირად გვერდზე გამოთქვამენ, შემდეგ კი, მათი პოზიციების გავრცელებას სახელისუფლებო სატელევიზიო და ონლაინ მედია, ანონიმური ფეისბუქგვერდები ახდენენ. ექსპერტების მოსაზრებები მეტად გავრცელებისთვის ფეისბუქზე ხშირად რეკლამის სახითაც თავსდება. მათ გამონათქვამებს ანონიმური გვერდები აზიარებენ, რომლებიც, „სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, შენიღბულად მოქმედებენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. 

პრორუსული აქტორებისგან განსხვავებით, ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტების ნაწილი დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებდნენ, თუმცა პარალელურად ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან ე.წ „ჩაკეტილი კარის” პოლიტიკას აკრიტიკებდნენ, რაც საქართველოს ამ ინსტიტუტებში გაწევრიანებას ახლო მომავალში უპერსპექტივოდ წარმოაჩენს. აღნიშნული ექსპერტები „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩენენ და ოპოზიციურ ფლანგს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაში ადანაშაულებენ. 

სოციალური მედიის წყაროებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებული ძირითადი პროპაგანდისტული გზავნილები ანტიდასავლურ/ნატოს მიმართ სკეპტიკურ გზავნილთა ჯაჭვს ქმნიან და ალტერნატივად საზოგადოებას რუსეთის მიერ ინიცირებულ საერთაშორისო ფორმატებს სთავაზობენ. 

პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი წყაროების და ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტების  გზავნილები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით 

 

 

გზავნილი #1: უკრინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის მოუხსენიებლობა მმართველი პარტიის მხრიდან სტრატეგიულად სწორი ნაბიჯია. 

პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ გვერდებზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციასთან დაკავშირებით პოზიტიური გზავნილები ვრცელდებოდა. „ალტ-ინფოს“ ეთერში „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები რეზოლუციის ენას დასავლელი ლიდერების განცხადებებთან აიგივებდნენ და აცხადებდნენ, რომ დასავლეთი საქართველოს სწორედ ამგვარად ესაუბრება. აღნიშნული პარტიის ლიდერებმა მოიწონეს რეზოლუციის გზავნილი სუვერენულ ქვეყანაზე შეტევის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. მათი აზრით, რეზოლუციაში რუსეთის ხსენება, შესაძლოა, პროვოცირების გამომწვევი ყოფილიყო. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ რეზოლუციით „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთზე გაუბედავი ზეწოლა დაიწყო. 

ფეისბუქ გვერდების ნაწილზე ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ საქართველომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. გვერდებმა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და „გორგასლიანი“ გამოაქვეყნეს  მოსაზრება, რომ თავშეკავების მიზეზები დასავლეთის მიერ გარანტიების გაუცემლობა და 2008 წელს არასაკმარისი დახმარება, ასევე, ქართული ჯარის სისუსტე შეიძლება გამხდარიყო.   

 

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები უკრაინას განიხილავდნენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ფაქტორს, მათი მხარდაჭერა კი წინასწარ წაგებულ ომში მონაწილეობის მიღებად ფასდებოდა. “ალტ-ინფოს” ეთერიდან Სახელმწიფოს მხრიდან მოზომილი განცხადებების გაკეთებას ლობირებდა ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრი ჯაბა ჭანკვეტაძეც. 

მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციას პოზიტიურად აფასებდნენ მათი მხარდამჭერი ექსპერტ-ანალიტიკოსებიც და საკითხთან დაკავშირებით აზრს ერთნაირი გზავნილით გამოხატავდნენ. მათი მოსაზრებით, მმართველმა პარტიამ საგარეო საკითხებთან მიმართებით სწორი პოზიციონირება მოახდინა, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და რეზოლუციის ტექსტში შეშფოთება გამოხატა ქვეყნის სუვერენულ უფლებებში ჩარევასა და ვითარების შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით. ამასთან, ანალიტიკოსები მთავრობას ბალანსირების პოლიტიკას უწონებდნენ, რეზოლუციას პროვოკაციებისგან დაზღვეულს უწოდებდნენ და მათ მიერ სიტუაციის გამწვავებისა და უკრაინაში ომის თავიდან აცილებაზეც საუბრობდნენ. ექსპერტების ნაწილი რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე რადიკალური განცხადებებისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე საუბრობდა და „მყვირალა, ხმაურიან განცხადებებს“ უპირისპირდებოდა. 

 

გზავნილი #2: ოპოზიციის მიზანი რუსეთის გაღიზიანების პოლიტიკა და აგრესიული რიტორიკით სიტუაციის დაძაბვაა.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, სოციალურ მედიაში მიმდინარეობდა ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანიაც. „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდნენ, რომ ოპოზიცია დასავლეთიდან რუსეთის გაღიზიანებისთვის ფინანსდება და უკრაინაში სიტუაციის დაძაბვასთან ერთად საქართველოში პროვოკაციები იმატებს. „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები ოპოზიციურ სპექტრს უკრაინის სოლიდარობის მიზნით გამართული აქციების გამოც აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამგვარი პერფორმანსები უკრაინელი ხალხის უპატივცემულობაა, ნამდვილი მხარდაჭერა კი მორალურად გვერდში დგომა კი არა, უკრაინაში ჩასვლა და მათთან ერთად ბრძოლაა. ფეისბუქგვერდი „კარდჰუ“ აშარჟებდა ქუთაისში უკრაინისა და ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს და ხალხის სიმცირეზე აპელირებდა.  

   

 

მსგავსი რიტორიკა შეინიშნებოდა პროსახელისუფლებო ექსპერტების მხრიდანაც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაა. ექსპერტები ოპოზიციურ სპექტრს რუსული ინტერესების გატარებაშიც სდებდნენ ბრალს, რომლის საბოლოო მიზანი რუსეთის მიერ ქვეყნის სრული ოკუპაციაა. მათი უმეტესობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით აპელირებდა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აგრესიული პოლიტიკის შედეგად ტერიტორიების დაკარგვასა და რუსეთისთვის საქართველოს სოფლების გადაცემაში ადანაშაულებდა. ექსპერტთა ნაწილი პარტიას მოღალატე და „კაპიტულანტურ რეზოლუციაზე ხელმომწერ“ ძალასაც უწოდებდა. ექსპერტები ოპოზიციურ სპექტრს უკრაინის მხარდაჭერის გამო ფსევდოპატრიოტიზმსა და პოპულიზმში ადანაშაულებდნენ და სარკასტულად მოიხსენიებდნენ ოპოზიციის მიერ გამართულ პერფორმანსებს, მათ შორის, ფეისბუქის პროფილის ჩარჩოზე უკრაინის დროშის გამოსახვას.

 

მეორე მხრივ, უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობის პარალელურად, ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები უკრაინას არაპარტნიორულ და არამეგობრულ დამოკიდებულებაში სდებდნენ ბრალს. ამის მიზეზად ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემაზე უარს ასახელებდნენ. ექსპერტების ნაწილი უკრაინის საქართველოსთან დაპირისპირების მქონე ქვეყნად ქცევაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებდა. 

 

 გზავნილი #3: ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ნაკლებპერსპეტიულია.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების უპერსპექტივობას ეხებოდა. „ალტ-ინფო“ ეთერებში აქტიურად ავრცელებდა ნარატივს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების აზრით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანება გონივრული არაა. ნატოს წევრების მხრიდან ქვეყნების ინტეგრაციის უარზე პოსტებს აქვეყნებდა ფეისბუქ გვერდი „Politicano • პოლიტიკანოც“.1  ამავე გზავნილს ავითარებდა პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძეც, რომლის აზრითაც, ნატოში გაწევრიანების პირობის მიზანი ხელისუფლების ლოიალურობის კონტროლია. ამასთან, მისი თქმით, ამ თემაზე მხოლოდ მიკერძოებული საექსპერტო წრეები და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, საკითხზე კი საბჭოთა კავშირისდროინდელი პროპაგანდა მიმდინარეობს. მანჯავიძე ალიანსში უკრაინის შესვლასაც გამორიცხავდა. ამავე პოზიციაზე იყო ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილიც, რომლის გზავნილებიც გვერდებზე „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და „შენ ხარ საქართველო“ გამოქვეყნდა. 

       

ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტების/ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, რომ რუსეთის პოტენციური აგრესიისა და საერთო დაძაბულობის ფონზე, საქართველო დასავლეთის პარტნიორია, რომელთანაც მჭიდრო კონსულტაციებს მართავს. ამის მიუხედავად, მათი ნაწილი ალიანსში ქვეყნების ინტეგრაციის პერსპექტივას ახლო მომავალში სკეპტიკურად უყურებდა. ექსპერტ დავით ქართველიშვილის აზრით, ნატოში გაწევრიანების პროცესი გაჭიანურებულია და ინტეგრაციის კუთხით უპერსპექტივობაა, ამიტომ უფრო მკაფიო გზავნილებია საჭირო. ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აცხადებდა, რომ ალიანსს საქართველოს ნატოში მისაღებად ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ არაფერი გაუკეთებია და მათი დაპირებები თანდათანობით აქტუალობას კარგავს. ცუცქირიძე გამოსავალს უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერასა და საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსებაში ხედავდა. ახლო მომავალში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ სარკასტულ განცხადებებს ავრცელებდა ედიშერ გვენეტაძეც და აცხადებდა, რომ დასავლეთი მშვიდ ცხოვრებას არეულობაზე არ გაცვლის. 

 

გზავნილი #4: საქართველოსთვის 3+3 ფორმატში ჩართვა, შესაძლოა, მომგებიანი იყოს. 

უკრაინაში სიტუაციის გამწვავებასთან ერთად „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა საუბარი დაიწყეს საქართველოსთვის, თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის მიერ ინიცირებულ რეგიონულ 3+3 ფორმატში 2 მონაწილეობის აუცილებლობაზე, რომლის განსახილველადაც რუსეთში ვიზიტიც დააანონსეს. პარტია აცხადებდა, რომ ფორმატში მონაწილეობით საქართველო არაფერს რისკავს. „კონსერვატიული მოძრაობა“ საუბრობდა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზეც, რათა უკრაინის მსგავსი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში საქართველო უსაფრთხოების წესებზე იყოს შეთანხმებული. პარტია თანხმობას აცხადებდა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში კი საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების მზადყოფნაზე. 3+3 ფორმატის შესახებ საუბრობდა პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძეც და აცხადებდა, რომ ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება საქართველოს აშშ-მ აუკრძალა, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ნაბიჯის გადადგმით საქართველო შეიძლება ფინანსურ ჰაბად იქცეს, სადაც მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ინტერესები გატარდება.  

ფეისბუქ გვერდებმა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და „დედოფალი“ გამოაქვეყნეს „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სივრცისადმი კუთვნილების საკითხის ჩაწერა ქვეყანას შესაძლებლობას უსპობს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად. 

„3+3“ ფორმატში მონაწილეობის დადებით ასპექტებზე საუბრობდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ექსპერტ-ანალიტიკოსებიც. დავით ქართველიშვილი ფორმატში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას ემხრობოდა და ხაზს უსვამდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას არ ავალდებულებს და რუსეთთან პირისპირ ურთიერთობას არ ითვალისწინებს. ქართველიშვილი აღნიშნავდა, რომ სამხედრო ბლოკს მიღმა დარჩენილი ქვეყნისთვის იარაღზე უფრო ეფექტური, შესაძლოა, ფინანსურ და საინვესტიციო ცენტრად ქცევა იყოს. ამასთან, ანალიტიკოსი ფორმატის ფარგლებში დეოკუპაციის საკითხების წამოჭრის შესაძლებლობაზეც წერდა. ფორმატის სარგებლიანობაზე საუბრობდა გიორგი ცუცქირიძეც, რომელიც აღნიშნავდა, რომ მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკური პოზიციების კუთხით არაფერს ავალდებულებს და ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ნახავს. 

 

 

პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი წყაროების სხვა გზავნილები

გზავნილი #5 ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის წამგებიანი ნაბიჯია. 

 

პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ფეისბუქ გვერდებზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის წამგებიან პოზიციად იყო წარმოჩენილი.  „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამახვილებდა ყურადღებას, რომ საქართველოს მოსახლეობას დეოკუპაცია უფრო სურს, ვიდრე ალიანსებში გაერთიანება. „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ავითარებდნენ ნარატივს, თითქოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გამორიცხავს. 

ალტ-ინფოს და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელი და კონსტანტინე მორგოშია ნატოს საწინააღმდეგო გზავნილებს რელიგიური შიშების გაღვივებით ცდილობდა და ალიანსის ფუნქციებად მართლმადიდებლების განადგურებას, მართლმადიდებლური ქვეყნების დაბომბვას, სეპარატიზმის გაღვივებასა და ქვეყნებისთვის ტერიტორიების წართმევას ასახელებდა. რელიგიური შინაარსის მოწოდებებით ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა გვერდი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. 

გვერდი „მოძრაობა ძლევაი საკვირველი“ ნატოსა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ერთმანეთს უთანაბრებდა, მათ „ანტიქრისტეს ტახტისთვის მებრძოლ“ ძალებად წარმოაჩენდა და საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ემხრობოდა, რადგან რომელიმე მხარესთან ურთიერთობა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა.  

გვერდი „ Politicano • პოლიტიკანო“ ამერიკის შეერთებული შტატებსა და დიდი ბრიტანეთს ოკუპანტებად წარმოაჩენდა, ევროკავშირის ბლოკის ქვეყნებს კი ომების ირიბად გაჩაღებაში ადანაშაულებდა და ბლოკის შეიარაღების გაზრდის საფრთხეებზე წერდა. 

 

 

 

გზავნილი #6: რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინის წინააღმდეგობის დონე მცირე იქნება. 

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ერი ცხოვრობს და, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ისინი რუსეთს ნაკლებ წინააღმდეგობას გაუწევენ. პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ გვერდებზე („კარდჰუ“, „Politicanoპოლიტიკანო“) ვრცელდებოდა რუსეთ-უკრაინის სამხედრო ძალების შედარების ამსახველი ინფოგრაფიკები და წარმოჩენილი იყო რუსეთის შეიარაღების უპირატესობა. 

 

გზავნილი #7: რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არაეფექტური იქნება

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები დასავლეთის სანქციების არაეფექტურობაზე უსვამდნენ ხაზს. კეთდებოდა განცხადებები სანქციების მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში, რუსეთის მიერ ჩინეთის ალტერნატივად პოვნის შესახებ. გვერდებზე ვრცელდებოდა ისტორიკოს გურამ ქართველიშვილის მოსაზრება, რომ, სანქციებით მუქარის მიუხედავად, დასავლელი ლიდერების გამოსვლებში არადამაჯერებელი ტონი იგრძნობა, რუსეთი კი გამოცოცხლების გზაზე შემდგარი იმპერიაა. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სისუსტეზე აპელირებდა გვერდი „Politicanoპოლიტიკანოც“. 

 

 

 

გზავნილი #8: აშშ და ნატო უკრაინასა და საქართველოს მიატოვებს. 

 „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები „ალტ-ინფოს“ ეთერში აცხადებდნენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მიტოვება დაიწყო და ანალოგიურ სიტუაციაში საქართველოსაც მიატოვებს. ამასთან, ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ აშშ უკრაინისთვის დათმობებზე წასვლას არ აპირებს და, შესაძლოა, უკრაინის გაწირვის ხარჯზე რუსეთის წინააღმდეგ ევროპის კონსოლიდაცია მოახდინოს. 

 

დასკვნა 

უკრაინაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების პარალელურად, პრორუსული დაჯგუფებები აქტიურად ცდილობენ აუდიტორიამდე საკუთარი გზავნილების მიტანას, რისთვისაც სოციალურ მედიას იყენებენ. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ მათ მიერ გავრცელებული გზავნილების ნაწილი ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტების მოსაზრებებს. თუ პრორუსული ჯგუფების მიერ მსგავსი გზავნილების გავრცელების დანიშნულება საქართველოსა და უკრაინის დასავლეთისგან იზოლაცია და რუსეთთან დაახლოებაა, ბუნდოვანია პროსახელისუფლებო ექსპერტების ორაზროვანი განცხადებების მიზანი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად მკაფიო განცხადებების გავრცელება, რაც ხელს შეუშლის პრორუსული გავლენების გააქტიურებასა და უზრუნველყოფს საზოგადოების კონსოლიდაციას არსებული დაძაბულობისა და მოსალოდნელი საფრთხეების ფონზე. 

 

 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. წინამდებარე ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორების შეხედულებებს. 

შენიშვნა: ანგარიშში წარმოდგენილი ცალკეული ფეისბუქგვერდების სახელწოდებები და მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტები შეიცავს უხამს ენას. ნებისმიერი ასეთი მასალა წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. „სამართლიანი არჩევნები“, ცალსახად, ემიჯნება ამ გვერდების სულისკვეთებას და მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების შინაარსს.

 

 

 

[1]  მედია მეტერის ცნობით, Politicano-ს ფეისბუქ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხრივ აღნიშნული ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი.

[2] 3+3 ფორმატი ითვალისწინებს საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის და თურქეთის, რუსეთის ფედერაციისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის თანამშრომლობის პლატფორმას.