ბლოგი

კონსერვატიული მოძრაობა - „ალტ-ინფოს“ საშვი ფეისბუქზე

„ფეისბუქის“ (მეტას) მიერ რამდენჯერმე წაშლის, სხვა პლატფორმებზე გადასვლისა და ტელეარხის შექმნის შემდეგ „ალტ-ინფო“ ფეისბუქზე კვლავ გააქტიურდა. ამჯერად პრორუსული ჯგუფისთვის ფეისბუქაუდიტორიამდე მისვლა გაცილებით მარტივი და სტაბილურია, რადგან ორგანიზაციის ძირითად გვერდზე, „ალტ-სიახლეზე“ გაშვებულ პირდაპირ ეთერებს ახლა უკვე პარტია „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ გვერდებზე, ჯგუფებსა და ფეისბუქპროფილებზე ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ ფეისბუქ გვერდებს, ჯგუფებსა და პროფილებს თითოეული ადგილობრივი ორგანიზაციისთვის ქმნის, რაც მათ აუდიტორიას მრავალფეროვანს ხდის. პარტიამ მუნიციპალიტეტებში ოფისების გახსნა 2021 წლის  27 დეკემბერს ზუგდიდიდან დაიწყო და ამ დროისთვის საქართველოს ხუთი რეგიონის (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი) 18 მუნიციპალიტეტში ჰყავს წარმომადგენლობა. ხელმისაწვდომ ღია წყაროებზე დაკვირვებით, კონსერვატიული მოძრაობის” სახელზე ფინანსური შემოწირულობები არ ფიქსირდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, თითქმის ყოველკვირეულ რეჟიმში იზრდება ოფისებისა და რაიონული წარმომადგენლების რაოდენობა. 

„ალტ-ინფოდან“ „კონსერვატიულ მოძრაობამდე“ 

„ალტ-ინფო“ აქტიურად ავრცელებს ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებს. ჯერ კიდევ 2020 წელს „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავდა,1 რომ „ალტ-ინფო“ სოციალურ მედიაში პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებითა და დეზინფორმაციული კამპანიით საზოგადოების პოლარიზაციას ცდილობდა. სწორედ „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, რომლის დროსაც ათეულობით ჟურნალისტი დაშავდა. „ალტ-ინფო“ მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ დამფუძნებელთან, ლევან ვასაძესა და კრემლის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგთან, ალექსანდრ დუგინთან, რომელიც „ალტ-ინფოს“ გადაცემებშიც სტუმრობდა. „სამართლიანი არჩევნების“ ბოლო ანგარიშის მიხედვით, „ალტ-ინფოს“ წამყვანები აქტიურად ავრცელებენ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საწინააღმდეგო გზავნილებს და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას გამოთქვამენ.2 

„ალტ-ინფომ“ ფეისბუქზე საკუთარი ქსელის ღიად გაფართოება 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, თუმცა მათი ქსელი ფეისბუქმა 2020 წელს3 კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშალა და საკუთარი პლატფორმებიდანაც აკრძალა.4 „ალტ-ინფომ“ ფეისბუქზე ქსელის აღდგენა რამდენჯერმე სცადა, თუმცა წარუმატებლად. პრორუსულმა დაჯგუფებამ 2021 წლის იანვრიდან სატელევიზიო მაუწყებლობაც დაიწყო, ფეისბუქზე შეზღუდული წვდომის პარალელურად კი აუდიტორიის მობილიზებას და გზავნილების გავრცელებას „ტელეგრამზე“ შეუდგა. „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, „ალტ-ინფო“, ასევე, „ტიკტოკზე“ მიგრირდა და პლატფორმას წარმატებით იყენებს.5  

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა გასული წლის 20 ნოემბერს ყრილობა გამართეს და პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნეს. თავდაპირველად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა ბიურომ პარტიის რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზების გამო შეაჩერა,6 თუმცა მოგვიანებით, 7 დეკემბერს, პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა.7 ამჟამად პარტიას 18 მუნიციპალიტეტში აქვს რაიონული ოფისი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. „ალტ-ინფოსა“ და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, მარტის ბოლომდე პარტიული ოფისების რაოდენობა 80 უნდა იყოს. 

რაიონული ოფისების გახსნისა და სხვა პლატფორმების გამოყენების პარალელურად, „ალტ-ინფო“ ფეისბუქზე კვლავ გააქტიურდა. „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა პლატფორმაზე პარტიის მოქმედების ახალ მეთოდებს, ტაქტიკასა და საშუალებებს. 

„კონსერვატიული მოძრაობისა“ და „ალტ-ინფოს“ ახალი ქსელი 

აკრძალვის მიუხედავად, 2021 წლის პირველ დეკემბერს „ალტ-ინფომ“ კვლავ შექმნა ოფიციალური გვერდი, „ალტ-სიახლე“. გვერდი 2 თვეზე მეტია ფუნქციონირებს და 12 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.8 

როგორც აღმოჩნდა, 2022 წელს „ალტ-ინფომ“ პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად უფრო განსხვავებული, სტაბილური ხერხი აირჩია. „ალტ-სიახლის“ პოსტები და „ალტ-ინფოს“ კონტენტი პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფიციალურ და რეგიონულ გვერდებზე ვრცელდება. საეჭვო ჯგუფებისა და პროფილების პარალელურად, რომელსაც „ალტ-ინფო“ ადრე იყენებდა, ის ამჟამად უპირატესობას პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ სახელით შექმნილი გვერდებით, პერსონალური ანგარიშებითა და ფეისბუქჯგუფებით მოქმედებას ანიჭებს. 

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ამ დროისთვის ფეისბუქზე „კონსერვატიული მოძრაობის“ სახელით მოქმედებს 10 გვერდი, 23 ჯგუფი და 14 ფეისბუქპროფილი. „კონსერვატიული მოძრაობა“ ფეისბუქგვერდების, ჯგუფების და ანგარიშების გამოყენებით,   საქართველოს 9 მხარეში ოპერირებს. პარტიამ მათი შექმნა 2021 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა ქსელი განსაკუთრებით 2022 წლის იანვარში გაააქტიურა. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, სოციალურ მედიაში, ამ დროისთვის აუთვისებელი მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონია.  

ოფიციალური კამპანიის პარალელურად, აუდიტორიამდე გზავნილების მისატანად, 2019-2020 წლების მსგავსად, „ალტ-ინფო“ კვლავაც იყენებს შეფარულ, ანონიმურ ქსელს. 

„ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებული გვერდები  

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, „ალტ-ინფოს“ ფეისბუქის ახალ ქსელში 3 კატეგორიის გვერდი იკვეთება: „ალტ-ინფოს“ სახელით მოქმედი გვერდები, „კონსერვატიული პარტიის“ გვერდები და ანონიმური გვერდები.  

ამჟამად „ალტ-ინფოს“ სახელით ფეისბუქზე 3 გვერდი მოქმედებს: „ალტ-სიახლე“, „ალტ-კონსერვატორი“ და “Alt-info“. მათი ოფიციალური გვერდი „ალტ-სიახლეა“, რომელზეც არხის გადაცემები პირდაპირი ეთერით ეშვება. „ალტ-ინფოს“ გადაცემებს ყველაზე მეტი გამოხმაურება სწორედ აღნიშნულ გვერდზე აქვს. გვერდის „ალტ-კონსერვატორი“ დანიშნულება მათი პოსტების გაზიარებაა; გვერდი “Alt-info” კი, ძირითადად, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებს ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „ალტ-ინფოს“ საიტი 2021 წლის ივლისში ფეისბუქგვერდის წაშლის პარალელურად გაითიშა, თუმცა იმავე პერიოდში შეიქმნა ახალი საიტი - alt-info.ge/. 

 

 

ფეისბუქზე „კონსერვატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების გვერდებზე „ალტ-ინფოს“ გადაცემები და კონტენტი ვრცელდება. ამასთან, ქვეყნდება „კონსერვატიული მოძრაობის“ შესახებ სიახლეები, მათ შორის, ადგილობრივი ოფისის გახსნიდან ფოტომასალები, ბრიფინგები და ამავე პარტიის ლიდერების მიმართვები. გვერდებზე „ალტ-ინფოს“ კონტენტი სხვადასხვა მეთოდით ვრცელდება. ერთი მხრივ, ისინი ძირითადი გვერდიდან, „ალტ-სიახლიდან“ აზიარებენ პირდაპირ ჩართვებსა და ვიდეოებს, თუმცა კონტენტს რიგ შემთხვევებში თავადაც ქმნიან. გვერდებზე გვხვდება „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფებიდან გაზიარებული მასალებიც. ამასთან, გვერდებზე ვრცელდება პროპაგანდისტული ნარატივების შემცველი გზავნილებიც. მაგალითისთვის, გვერდზე „ონსერვატიული მოძრაობა სამტრედიაში” 10 იანვარს ევროკავშირის დროშის დაწვის ვიდეო განთავსდა.  

 

წინა პრაქტიკის მსგავსად, „ალტ-ინფოს“ გზავნილები ანონიმურ ფეისბუქ გვერდებზეც ვრცელდება. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ფეისბუქზე ამჟამად „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული 4 გვერდი მოქმედებს, რომლებიც მათ კონტენტს აქტიურად ავრცელებენ. მათგან ყველაზე აქტიურია გვერდი „კონსერვატორი“, რომელიც „ალტ-ინფოს“ ეთერებიდან ამოჭრილ ვიდეოებს ათავსებს, ამზადებს ვიდეოკოლაჟებს და აქვეყნებს პარტიის ლიდერების მიმართვებს. გვერდებზე „ალტ-სიახლის“ პირაპირ ეთერებს, საიტის მასალებს და პარტიის ლიდერების პროფილებიდან კონტენტს აზიარებენ და „ალტ-ინფოს“ სოციალური მედიის სხვა პლატფორმების არხებს უწევენ პოპულარიზებას. ამასთან, გვერდები „კონსერვატიული მოძრაობის“ შესახებ სიახლეების გავრცელებითაც არიან დაკავებული.  

 

„ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პერსონალური პროფილები  

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ფეისბუქზე კოორდინირებულად მოქმედებენ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ანგარიშები, რომლებიც საკუთარ პროფილებსა და ჯგუფებში მათ მასალებსა და პარტიის შესახებ სიახლეებს ავრცელებენ. ქსელში ჩართული არიან როგორც „კონსერვატიული მოძრაობის“ სახელით მოქმედი ანგარიშები, ისე საეჭვო პერსონალური პროფილები, რომელთა ნაწილი იდენტობას მალავს, ნაწილი კი პარტიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნაციონალისტური შინაარსის დასახელებით პოზიციონირებს. 

გვერდების პარალელურად, „კონსერვატიული მოძრაობის“ სახელით ფეისბუქანგარიშებიც შეიქმნა, რომლებზეც „ალტ-ინფოს“ კონტენტი ვრცელდება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ქმედებაც „ალტ-ინფოს“ გზავნილების გავრცელებისთვის ახალი და სტაბილური ტაქტიკაა. სავარაუდოდ, პარტიის მხრიდან ფეისბუქპროფილების შექმნის მიზეზი მეტი მოქნილობაა, რადგან ასე შესაძლებელია მცირე დროში დიდ აუდიტორიაზე გასვლა მეგობრებში სხვა პროფილების ინტენსიურად დამატებით.  

„ალტ-ინფოს“ მასალების გავრცელებისთვის აღნიშნული პროფილები გვერდების მსგავს ტაქტიკებს იყენებენ. კერძოდ, „ალტ-ინფოს“ ძირითადი გვერდიდან, მხარდამჭერი და რეგიონული გვერდებიდან ლაივებსა და ვიდეოებს აზიარებენ. ხშირია შემთხვევები, როცა პროფილებზე პოსტები „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერი ჯგუფებიდანაც ზიარდება. ამასთან, ფეისბუქაუდიტორიამდე მისატანად „ალტ-ინფოს“ სხვა პლატფორმების - იუთუბის, მაივიდეოს - არხებს აზიარებენ. პროფილებზე გვხვდება „ტიკ-ტოკის“ პლატფორმიდან ვიდეოებიც, სადაც „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერი ანგარიშების სახელწოდებაც ჩანს, რაც, სავარაუდოდ, მის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

 

ოფიციალური ანგარიშების პარალელურად, ფეისბუქზე მოქმედებენ პროფილებიც, რომლებიც პარტიასთან დაკავშირებული ან სხვა სახის ნაციონალისტური შინაარსის სახელებით პოზიციონირებენ, მათ შორის,კონსერვატორთა ერთობა“, „კონსერვატორთა ხვედრი“, „თალიბანელი კონსერვატორი“ და სხვ. ისინი საკუთარი ანგარიშის საშუალებით „ალტ-ინფოს“ კონტენტს ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ გვერდების ნაწილი მასალებს მხოლოდ ჯგუფებში ავრცელებს. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ პროფილების ნაწილს ერთმანეთი ჰყავს მეგობრების სიაში, რაც მათ კავშირსა და საერთო მოქმედებაზე შეიძლება მიანიშნებდეს. 

„სამართლიანი არჩევნები“ იმ საეჭვო პროფილებსაც დააკვირდა, რომლებიც „ალტ-ინფოს“ მასალებს ავრცელებენ. მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირდა 16 არაავთენტური ანგარიში, რომლებიც ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ კონტენტს როგორც საკუთარ კედელზე, აგრეთვე სხვადასხვა ჯგუფში აზიარებენ. ესწავლილ საეჭვო პროფილებს არც ერთი მაიდენტიფიცირებელი ფოტო არ აქვ გამოქვეყნებული და არც პირადი ინფორმაციის ველი აქვთ შევსებული. აღსანიშნავია, რომ მათ ნაწილს “ალტ-ინფოს” და “კონსერვატიული მოძრაობის” სიმბოლიკის შემცველი სურათები აქვთ გაზიარებული.  

წარმოდგენილი არაავთენტური ანგარიშები ალტ-ინფოს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებს სხვადასხვა თემატიკის ჯგუფში აზიარებენ. მათ შორისაა “კონსერვატიული მოძრაობასთან” დაკავშირებული, ქართველი ემიგრანტებისთვის განკუთვნილი, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი და ნაციონალისტური და რელიგიური შინაარსის სახელწოდების მქონე ჯგუფები. ღნიშნული ჯგუფების წევრთა რაოდენობა განსხვაულია. უ “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულ ზოგიერთ ახლადშექმნილ ჯგუში მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრია გაერთიანებული, სხვა ჯგუფებში გაწევრიანებულ ფეისბუქმომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს. ღსანიშნავია, რომ “სამართლიანი არჩევნების” მიერ შესწავლილი საეჭვო პროფილების ნაწილი პოსტებს “კონსერვატიული მოძრაობის” რეგიონულ ჯგუფებსა და სხვა თემატიკის ჯგუფებში პარალელურად აზიარებენ. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ საეჭვო ანგარიშები “რუ სა” და “გია ბიჭიაშვილი” პარტიის ერთ-ერთი რაიონული ჯგუფის “კონსერვატიული მოძრაობა (რუსთავში)” ადმინისტრატორები არიან. კიდევ ერთი საეჭვო პროფილი Mancho Abramidze კი ჯგუფი “კონსერვატიული მოძრაობა (მხარდამჭერების)” მოდერატორია.  

„ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ჯგუფები 

„ალტ-ინფოს“ მასალებისა და „კონსერვატიული მოძრაობის“ შესახებ სიახლეების გავრცელებისთვის მოქმედებს პარტიის სახელით მოქმედი 20 ჯგუფი და „ალტ-ინფოს“ დასახელების 3 ჯგუფი. ამასთან, „ალტ-ინფოსა“ და პარტიის პოპულარიზაციისთვისაა შექმნილი „GEჯგუფი კონსერვატორიGE”, რომლის ერთ-ერთი ადმინისტრატორი მათთან დაკავშირებული გვერდი „კონსერვატორია“. ჯგუფების ნაწილს საერთო ადმინისტრატორები/მოდერატორები ჰყავთ, რაც მათ კოორდინირებას უსვამს ხაზს. 

 

ჯგუფებში, სხვა ანგარიშებისა და გვერდების მსგავსად, ვრცელდება „ალტ-ინფოსპირდაპირი ეთერები, ვიდეოები, კონტენტი სხვა პლატფორმებიდან და სიახლეები პარტიის შესახებ. „ალტ-ინფოს“ კონტენტის პარალელურად, ჯგუფებში სხვადასხვა სახით ანტიდასავლური, პრორუსული, ნაციონალისტური, სიძულვილის ენის შემცველი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გზავნილები ვრცელდება. საეჭვო პროფილებთან ერთად, ჯგუფებში პოსტებს ავთენტური ანგარიშებიც აზიარებენ, რომელთა უკანაც, სავარაუდოდ, პარტიის აქტივისტები დგანან. 

 

დასკვნა  

რადიკალურ, ძალადობრივ და ღიად პრორუსულ ჯგუფს პარტიად გარდაქმნამ პოლიტიკურ ველზე არსებობისთვის ლეგიტიმაციის მიცემის გარდა, სოციალურ მედიაში სამოქმედოდ სასათბურე პირობები შეუქმნა. ფეისბუქის მიერ მრავალჯერ წაშლილი ქსელი, ახლა პოლიტიკური სუბიექტის საფარველქვეშ ცდილობს ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების საქართველოს რეგიონების მასშტაბით გავრცელებას. ამ გარემოების გათვალისწინებით, ტაქტიკები მეტად დივერსიფიცირებულია. „ალტ-ინფოს” ქსელი მიგრირდა ახალ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებზეც (ტიკტოკი, იუთუბი და სხვ.) შექმნილი არხების პოპულარიზაცია ფეისბუქზეც ხდება. სამოქალაქო სექტორი ერთობლივად ცდილობს მანიპულაციური საინფორმაციო გავლენებისგან მოქალაქეთა დაცვას, თუმცა, ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დეტალურად შეისწავლოს პარტიის ფინანსური კავშირები, რაც, სავარაუდოდ, ვირტუალური სივრციდან რეალურ გარემოში  გადმონაცვლების მნიშვნელოვანი წყაროა. 

 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.

 

 

1. „სამართლიანი არჩევნები”, „ალტ-ინფოს“ კოორდინირებული ფარული ოპერაცია Facebook-ზე.
https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/alt-infos-koordinirebuli-faruli-operatsia-Facebook-ze


2. „სამართლიანი არჩევნები“, 8 პროპაგანდისტული გზავნილი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით
ფეისბუქზე. https://isfed.ge/geo/blogi/8-propagandistuli-gzavnili-ukrainis-krizistan-dakavshirebit

3. „სამართლიანი არჩევნები“, „ალტ-ინფოს“ კოორდინირებული ფარული ოპერაცია Facebook-ზე.
https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/alt-infos-koordinirebuli-faruli-operatsia-Facebook-ze.

4. October 2020 Coordinated Inauthentic Behavior Report, Meta. https://about.fb.com/news/2020/11/october2020-cib-report/


5. „სამართლიანი არჩევნები“, „ტიკტოკი - პროპაგანდის ახალი ეკოსისტემა“. https://isfed.ge/geo/sotsialurimediis-monitoringi/tiktoti-propagandis-akhali-ekosistema


6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გადაწყვეტილება # P21000039/3. https://bit.ly/3gAX2zy.  


7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის
მოწმობა. https://bit.ly/3rWNohz.


8. „სამართლიანი არჩევნები“, „ალტ-ინფოს“ კოორდინირებული ფარული ოპერაცია Facebook-ზე.
https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/alt-infos-koordinirebuli-faruli-operatsia-Facebook-ze